ცესკო ხმის დათვლის პროცედურების მიმდინარეობისა და შემაჯამებელი ოქმების დამუშავების პროცესის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა მედიას ხმის დათვლის პროცედურების მიმდინარეობისა და შემაჯამებელი ოქმების დამუშავების პროცესის შესახებ ინფორმაცია გააცნო.
„როგორც თქვენთვის ცნობილია, 20:00 სთ-ზე დაიხურა საარჩევნო უბნები და დაიწყო ხმის დათვლის პროცესი. კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა პროცედურის დასრულებისთანავე, ოქმები მიეწოდება საოლქო საარჩევნო კომისიებს და ისინი იტვირთება შესაბამის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში.
შემაჯამებელი ოქმები ეტაპობრივად შემოდის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, დაუყოვნებლივ ქვეყნდება შედეგების სპეციალურ ვებგვერდზე და ცხადია, საჯაროდ ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის. აღსანიშნავია, რომ ოქმების განთავსება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე ღამის ათის ნახევრიდან დაიწყო და ამასთან, ტრადიციულად ხორციელდება შედეგების შეჯამების პროცესის პირდაპირი ტრანსლირება ცესკოს ვებგვერდის, „ფეისბუქის“ და „იუთუბის“ მეშვეობით; ტრანსლირება 360-გრადუსიანი ვიდეოკამერის საშუალებით მიმდინარეობს და ყველას გაქვთ საშუალება თვალი ადევნოთ ამ პროცესს“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე, წინასწარ შედეგებში ასახვის მიზნით, ოპერატორებმა დაამუშავეს შემაჯამებელი ოქმების საერთო რაოდენობის 52%, 1043 საარჩევნო უბნის მიხედვით და ამ წუთებში results.cec.gov.ge-ზე მიმდინარეობს წინასწარი შედეგების გამოქვეყნების პროცესი. რაც შეეხება ქუთაისის მერის რიგგარეშე არჩევნებს, დამუშავებულია შემაჯამებელი ოქმების 27%, 35 საარჩევნო უბნის მიხედვით.
„შედეგები მთელი ღამის განმავლობაში მუდმივად განახლდება ცესკო-ს ვებგვერდზე და ჩვენ, მას შემდეგ, რაც თითქმის ყველა უბნის შედეგი 17-ვე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში დაითვლება, წარმოგიდგენთ საბოლოო ინფორმაციას წინასწარი შედეგების თაობაზე.
კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ამომრჩევლებს, იმისათვის, რომ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და მიიღეს მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში. მადლობას ვუხდი საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს, იმისათვის, რომ ხელი შეუწყვეს კენჭისყრის პროცესის მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში წარმართვას და მინდა მადლობა გადაგიხადოთ მედიის წარმომადგენლებს დღის განმავლობაში თქვენს მიერ გაწეული საქმიანობისთვის“, – განაცხადა პრესსპიკერმა.