ცესკო ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებს მიმართავს, შეარჩიონ ადაპტირებული საარჩევნო უბანი
ცესკო ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებს მიმართავს, შეარჩიონ ადაპტირებული საარჩევნო უბანი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლები უფლებამოსილი არიან, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ შესაბამისი ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ/მისაწვდომ საარჩევნო უბანზე.

ამისათვის, ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებმა არაუგვიანეს 26 სექტემბრისა, უნდა მიმართონ შესაბამის საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიას ან დაუკავშირდნენ ცესკოს კონტაქტ-ჰაბს ნომერზე – 2 51 00 51 ადაპტირებული საარჩევნო უბნის მოთხოვნის მიზნით.

„ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველს ცესკო-ს ვებგვერდზე განთავსებული „საარჩევნო რუკის“ საშუალებით შეუძლია, მიიღოს დეტალური ინფორმაცია კონკრეტული საარჩევნო ოლქის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ადაპტირებული/მისაწვდომი საარჩევნო უბნების შესახებ შესაბამისი ფოტოსურათებით. სურვილის შემთხვევაში, თავად აირჩიოს, თუ რომელ საარჩევნო უბანზე სურს არჩევნებში მონაწილეობის მიღება.

კანონმდებლობის შესაბამისად, პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ცესკო-ს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია ინფორმაცია როგორც მარტივი ადაპტაციის, ისე პანდუსის მქონე 1 127 საარჩევნო უბნის შესახებ.

ცესკო მიმართავს ეტლით მოსარგებლე პირებს, შეარჩიონ მათთვის ყველაზე ხელსაყრელი ადაპტირებული საარჩევნო უბანი და ინფორმაცია დროულად მიაწოდონ შესაბამის საარჩევნო კომისიას“, – აცხადებენ ცესკო-ში.