CERN-ის დიდმა ადრონულმა კოლაიდერმა პროტონის მსგავსი ახალი ნაწილაკი აღმოაჩინა — #1tvმეცნიერება
CERN-ის დიდმა ადრონულმა კოლაიდერმა პროტონის მსგავსი ახალი ნაწილაკი აღმოაჩინა — #1tvმეცნიერება

დიდმა ადრონულმა კოლაიდერმა ახალი ნაწილაკი აღმოაჩინა, რომელიც მეოთხმოცეა მსოფლიოში ყველაზე მძლავრი ნაწილაკთა ამაჩქარებლის მიერ იდენტიფიცირებულთა შორის. ამის შესახებ ევროპის ლაბორატორია CERN-ი იუწყება.

ახალ ნაწილაკს „Xi-cc-პლუსი“ უწოდეს.

მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ნაწილაკი, რომელიც პროტონს ჰგავს, მაგრამ მასზე ოთხჯერ მძიმეა, ბევრ რამეს გვეტყვის კვანტური მექანიკის უცნაური ქცევის შესახებ.

ჩვენს გარშემო არსებული მთელი მატერია, მათ შორის პროტონები და ნეიტრონები, რომლებიც ატომის ბირთვს ქმნიან, ბარიონებისგან შედგება.

ეს ჩვეულებრივი ნაწილაკები შედგება სამი კვარკისგან — მატერიის ფუნდამენტური საშენი მასალისგან.

კვარკები ექვსი „არომატის“ სახით გვხვდება: ზემოთა, ქვემოთა, მომხიბვლელი, უცნაური, ზედა და ქვედა. თითოეულს აქვს სხვადასხვა მასა, ელექტრული მუხტი და კვანტური მახასიათებლები.

თეორიულად, შეიძლება არსებობდეს ბარიონების მრავალი განსხვავებული ტიპი, რომლებშიც ეს არომატები შერეულია; თუმცა, უმეტეს მათგანზე დაკვირვება რთულია.

მათ საპოვნელად, დიდი ადრონული კოლაიდერი ნაწილაკებს ფენომენალური სიჩქარით ტყორცნის მიწისქვეშა რგოლში, სანამ ისინი ერთმანეთს არ შეეჯახებიან.

ეს მეცნიერებს მოკლე შანსს აძლევს, გაზომონ, თუ როგორ იშლება უფრო სტაბილური ელემენტები და შემდეგ გამოიტანონ დასკვნა ორიგინალური ნაწილაკის თვისებების შესახებ.

ახლად აღმოჩენილი „Xi-cc-პლუსი“ შეიცავს ორ „მომხიბვლელ“ და ერთ „ქვემოთა“ კვარკს.

ნორმალურ პროტონებს აქვთ ორი „ზემოთა“ და ერთი „ქვემოთა“ კვარკი. ვინაიდან ახალ ნაწილაკს „ზემოთების“ მაგივრად აქვს ორი უფრო მძიმე „მომხიბვლელი“ კვარკი, აქვს უფრო დიდი მასა.

დიდი ადრონული კოლაიდერის პრესსპიკერის, ვინჩენცო ვანონის განცხადებით, ეს მხოლოდ მეორე შემთხვევაა, როცა ორი მძიმე კვარკის მქონე ბარიონი დააფიქსირეს.

ამას გარდა, მისივე განცხადებით, ეს ახალი ნაწილაკის იდენტიფიცირების პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც 2023 წელს LHCb დეტექტორი განაახლეს.

„შედეგები თეორეტიკოსებს კვანტური ქრომოდინამიკის მოდელების ტესტირებაში დაეხმარება, ძლიერი ძალის თეორიის, რომელიც კვარკებს აკავშირებს არა მხოლოდ ჩვეულებრივ ბარიონებსა და მეზონებში, არამედ უფრო ეგზოტიკურ ადრონებშიც, როგორიცაა ტეტრაკვარკები და პენტაკვარკები“.

2017 წელს, LHCb ექსპერიმენტმა ასეთივე ნაწილაკი აღმოაჩინა, რომელიც შედგებოდა ორი „მომხიბვლელი“ და ერთი „ზემოთა“ კვარკისგან.

ახალი ნაწილაკის მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობა წინაზე ექვსჯერ ნაკლებია, რის გამოც, ის უფრო რთულად შესამჩნევია.

დიდი ადრონული კოლაიდერი 27 კმ სიგრძის პროტონების შემაჯახებელი რგოლია, რომელიც საფრანგეთისა და შვეიცარიის ტერიტორიაზე, მიწისქვეშ 100 სიღრმეშია განთავსებული. 2012 წელს მან დაამტკიცა ჰიგსის ბოზონის არსებობა, რომელსაც „ღმერთის ნაწილაკსაც“ უწოდებენ.

ახალი აღმოჩენა დაემთხვა CERN-ის გეგმას, ააშენოს ნაწილაკების კიდევ უფრო დიდი ამაჩქარებელი — მომავლის წრიული კოლაიდერი, რომელიც სამყაროს საიდუმლოებათა ამოხსნას გააგრძელებს.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.