ცენტრის პოზიციაზე ადგილი დაიმკვიდრა - ამერიკული მედია მამუკელაშვილზე  #1TVSPORT
ცენტრის პოზიციაზე ადგილი დაიმკვიდრა - ამერიკული მედია მამუკელაშვილზე #1TVSPORT

NBA-ის რეგულარული სეზონი 20 ოქტომბერს დაიწყება და თითქმის ყველა გუნდში სხვადასხვა ცვლილებები მიმდინარეობს. გამონაკლისი არც სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსია“, რომელმაც ცოტა ხნის წინ გუნდიდან მძიმე ფორვარდი ჯონი ო’ბრაიანტი გაუშვა. 28 წლის კალათბურთელმა ორ წინასასეზონო მატჩში მიიღო მონაწილეობა, ჯამში 21 წუთი ითამაშა და 8 ქულა და 5 მოხსნა დააგროვა.

ამერიკული გამოცემა behindthebuckpass ო’ბრაიანტის გუნდიდან გაშვებაზე წერს და ერთ-ერთ მიზეზად სანდრო მამუკელაშვილის წარმატებულ თამაშს ასახელებს.

„ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც გავლენა იქონია ო’ბრაიანტის გუნდიდან გაშვებაზე არის დებიუტანტი სანდრო მამუკელაშვილი. სამ წინასასეზონო მატჩში დრაფტის მეორე რაუნდის არჩევანმა ცენტრის პოზიციაზე ყველაზე მეტი, საშუალოდ 26.4 წუთი ითამაშა. მან თავისი თამაშით ბევრის ყურადღება მიიქცია და საშუალოდ 12 ქულა, 6.7 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. ფაქტია, რომ მამუკელაშვილმა „ბაქსში“ ცენტრის პოზიციაზე მესამე ვარიანტად ადგილი დაიმკვიდრა.“

სანდრო პრესეზონის მატჩებში შესანიშნავად გამოიყურება. მან „ბრუკლინ ნეტსთან“ შეხვედრაში ორმაგი დუბლიც კი გაიფორმა და არაერთი სანახაობრივი მომენტით დაგვამახსოვრა თავი. შემდეგ მატჩს „ბაქსი“ 14 ოქტომბერს „იუტა ჯაზის“ წინააღმდეგ გამართავს.