მამუკელაშვილის 20 ქულა და ორმაგი დუბლი - სანდროს სუპერმატჩი „ბრუკლინთან“ [ვიდეო] #1TVSPORT
მამუკელაშვილის 20 ქულა და ორმაგი დუბლი - სანდროს სუპერმატჩი „ბრუკლინთან“ [ვიდეო] #1TVSPORT

სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსმაპრესეზონის მორიგი შეხვედრა ჩაატარა, სადაც „ბრუკლინ ნეტსს“ სტუმრად დაუპირისპირდა და 115:119 დამარცხდა, მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გასული სეზონის ჩემპიონები, მთლიანად ახალგაზრდა შემადგენლობით იყვნენ და ვარსკვლავების წინააღმდეგ მოუწიათ თამაში.

კიდევ უფრო აღსანიშნავია ის, რომ ქართველი კალათბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 30:11 წუთი ითამაშა. სანდრო გულშემატკივრების გაოცებას განაგრძობს, 22 წლის კალათბურთელმა მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, 20 ქულითა და 11 მოხსნით (2 შეტევაში, 9 დაცვაში) ორმაგი დუბლი გაიფორმა და მოხსნებში ორივე გუნდის მხრიდან საუკეთესო იყო. მან ასევე 1 ჩაჭრა და 1 პასიც მიითვალა. მამუკელაშვილმა 9-დან 6 ორქულიანი გამოიყენა, სამქულიანი 5-ჯერ ისროლა და 2-ჯერ ზუსტად, საჯარიმოს ხაზიდან კი 6-დან 2 ცდა გამოიყენა. მან 4-ჯერ დაკარგა ბურთი და ამ დროის განმავლობაში არ დაჯარიმებულა.

მამუკელაშვილის მომენტები „ნეტსის“ წინააღმდეგ

შეხვედრა თავიდან „ნეტსის“ უპირატესობით დაიწყო, მაგრამ დიდ შესვენებამდე „ბაქსი“ 4-ქულიანი უპირატესობით გავიდა. მიუხედავად ამისა, „მილუოკის“ ახალგაზრდა მოთამაშეებმა ვერ მოახერხეს უპირატესობის შენარჩუნება და მატჩი დათმეს. „ბაქსიდან“ სანდროზე შედეგიანი მხოლოდ ორი კალათბურთელი იყო – ჯორდან ნვორამ 30 ქულა და 8 მოხსნა დააგროვა და ელაია ბრაიანტი, რომლის ანგარიშზეც 21 ქულაა. „ბრუკლინიდან“ საუკეთესო კევინ დურანტი იყო 18 ქულით, ჯო ჰარისმა 15 ქულა დააგროვა.

სანდრო მამუკელაშვილის გუნდი შემდეგ შეხვედრას „ოკლაჰომას“ წინააღმდეგ 11 ოქტომბერს გამართავს.