ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან აქცია იმართება [ფოტო/ვიდეო]

თბილისში, პარლამენტთან აქციის მონაწილეების ნაწილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გადაინაცვლა. აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირიდან ცესკო-ს შენობამდე მსვლელობით მივიდნენ.

აქცია პარლამენტთან, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ორგანიზებით 15:00 საათიდან იმართებოდა. დღის ბოლოს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ მიმართა. მისი განცხადებით, ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებით, აქციის მონაწილეების ნაწილი ცესკო-სთან ინაცვლებს და საარჩევნო ადმინისტრაციის შენობაში არავის მისცემენ შესვლის საშუალებას, ვიდრე ახალი არჩევნები არ დაინიშნება.

ნიკა მელიას თქმით, რვა საათამდე ხელისუფლებას ჰქონდა დრო, კომპრომისზე წასულიყო. დღევანდელ აქციაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბიძინა ივანიშვილს ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენება მოსთხოვეს და ამისთვის ვადა 20:00 საათამდე მისცეს. ამის შემდეგ აქციამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გადაინაცვლა.

ცესკო-ს შენობასთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.