ცენტრალური ბანკების მიერ ოქროს შესყიდვაზე დახარჯული თანხების მოცულობა გლობალურ დონეზე ბოლო სამი წლის რეკორდულ დონეზე დგას. ინფორმაციას „ოქროს მსოფლიო საბჭო“ ავრცელებს, რომელიც ოქროს ბაზრის განვითარებაზე ორიენტირებული არაკომერციული ორგანიზაციაა და სრულად იკვლევს ოქროსთან დაკავშირებული ინდუსტრიის სეგმენტებს მოპოვებიდან დახლზე გასული პროდუქციის ჩათვლით.
2018 წლის მესამე კვარტალში მსოფლიოს მასშტაბით მოქმედი ცენტრალური ბანკების მიერ 148 მეტრულ ტონაზე მეტი ოქროა შეძენილი (ერთი მეტრული ტონა 1000 კილოგრამს უდრის). ეს მაჩვენებელი 22 პროცენტით აღემატება გასული წლის იმავე პერიოდს.
დღეს არსებული ფასით ერთი უნცია ოქრო 1223 დოლარი ღირს, რაც იმას ნიშნავს, რომ ოქროს შეძენაზე ცენტრალურმა ბანკებმა წლის მესამე კვარტალში საერთო ჯამში 5.82 მილიარდი დოლარი დახარჯეს.
ყველაზე დიდი მოთხოვნა დაფიქსირდა რუსეთის ცენტრალური ბანკის მხრიდან, რომელმაც 92 ტონა ოქრო შეიძინა. ეს რუსეთის ყველაზე მსხვილი კვარტლური შენაძენია 1993 წლის შემდეგ. ჯერ კიდევ მაისში, რუსეთის ცენტრალური ბანკის პოზიცია იყო, რომ ოქრო 100 პროცენტიანი გარანტიაა ლეგალური და პოლიტიკური რისკების დასაზღვევად.
რუსეთის შემდეგ ყველაზე მსხვილი შენაძენი 18.5 ტონა ოქრო თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა გააკეთა, მესამეა ინდოეთი 13.7 ტონით, რომელსაც მცირედით, 13.4 ტონით ჩამოუვარდება ყაზახეთი. რაც შეეხება ევროპას, იქ პოლონეთისა და უნგრეთის ცენტრალური ბანკები ლიდერობენ.
მიუხედავად ცენტრალური ბანკების მხრიდან ასეთი რეკორდული მოთხოვნისა, ოქროს ფასი მესამე კვარტალში 4 პროცენტით დაეცა და უნციაზე 1200 დოლარსაც კი ჩასცდა, რაც 2017 წლის იანვრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ოქტომბერში ოქროს ფასი 2 პროცენტით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ ოქრო, როგორც წესი, ამერიკული დოლარის მიმართ ეროვნული ვალუტის გაუფასურების რისკის დაზღვევის საუკეთესო საშუალებად ითვლება. მესამე კვარტალში კი, ამერიკული დოლარი 0.7 პროცენტით გამყარდა.
„ოქროს მსოფლიო საბჭოს“ მონაცემებით, ცენტრალური ბანკების გარდა ინტერესმა ოქროს მიმართ კერძო პირებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებშიც მოიმატა. მოთხოვნა გაიზარდა როგორც ოქროს ზოდებზე, ისე ოქროს სამკაულებსა და მონეტებზე. საერთო ჯამში, წლიურ დონეზე 6.2 ტონით მეტი ოქრო გაიყიდა.