„ცენტრ პოინტის“ დაუსრულებელ მშენებლობებთან დაკავშირებით თბილისის მერიაში შეხვედრა გაიმართა
„ცენტრ პოინტის“ დაუსრულებელ მშენებლობებთან დაკავშირებით თბილისის მერიაში შეხვედრა გაიმართა

„ცენტრ პოინტის“ დაუსრულებელ მშენებლობებთან დაკავშირებით თბილისის მერიაში შეხვედრა გაიმართა.

მენაშენეებმა თბილისის მერს, კახა კალაძესა და დეველოპერებს დაუსრულებელი ბინების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. დღეს განიხილეს „დაკიდებული ბაღების“, „გურამიშვილისა“ და „თაბუკაშვილის“ ობიექტების საკითხები. დეველოპერებმა სამივე დაუსრულებელ კომპლექსზე ინტერესი გამოთქვეს, თუმცა ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

„ჩვენ „ცენტრ პოინტი“ დავყავით ორ ძირითად მიმართულებად. ერთი არის ის ბინები, სადაც მოსახლეობა უკვე შესულია, თუმცა დასრულებელია ეს კორპუსები და გასარემონტებელი. მეორე მიმართულება არის ხუთი ობიექტი, რომელიც არ აშენებულა და ასაშენებელია. ჩვენ რამდენიმე თვის წინ ჩავატარეთ შეხვედრა შვიდ ობიექტზე, რომელიც გასარემონტებელია. დღევანდელი შეხვედრა ეხებოდა ხუთ ასაშენებელ ობიექტიდან სამ ობიექტს. ამ ხუთი ობიექტიდან, რომელიც არის ასაშენებელი, ჩვენ ორზე ვაწარმოებთ უკვე მოლაპარაკებას, გვყავს კონკრეტული ინვესტორები. ეს არის „ანაგი“ და „თბილი სახლი“, ხოლო სამზე არ იყო გამოკვეთილი ინვესტორები. დღეს ჩვენ დავუძახეთ დეველოპერების იმ ნაწილს, რომელიც თავისი მასშტაბებით შეესაბამებიან ამგვარი მოცულობის პროექტებს და შევთავაზეთ, მათ ძირითადი ინფორმაციები წარვუდგინეთ ამ სამი ობიექტთან დაკავშირებით და ველოდებით მათგან გამოხმაურებას. ის კომპანიები, რომლებიც გამოხატავენ ინტერესს და მზად ყოფნას, რომ განახორციელონ ეს პროექტები, ჩვენ ასეთ კომპანიებთან გადავალთ დეტალურ მოლაპარაკებებზე. დღეს გამოიკვეთა ძალიან დიდი დაინტერესება. კარგ კომერციულ პროექტებად შეიძლება ქცევა ამ პროექტების და ველოდებით მათგან გამოხმაურებას. ჩვენ გვინდა, რომ მთელი ეს პროცესი იყოს სამიდან სამნახევარწლიანი თავის ყველა მიმართულებით, რათა ამ პერიოდში დასრულდეს პროექტები.
ჩვენი მიზანი და გეგმა არის, რომ არ დარჩეს არა მხოლოდ „ცენტრ პოინტის“ დაზარალებული, საერთოდ არ დარჩეს დაუსრულებელი მშენებლობის დაზარალებული თბილისში. „ცენტრ პოინტში“ დაზარალებულად მოიაზრება 6500 ოჯახამდე. აქედან დაახლოებით 80 პროცენტი არის იმ შვიდ ობიექტში, სადაც ისინი უკვე ცხოვრობენ და დანარჩენები არიან ასაშენებელ ობიექტებში, რომლებიც ელოდებიან თავის ბინებს“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა.

კომპანიების ნაწილი ამბობს, რომ თბილისის მერიის მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობაა როგორც დეველოპერული სექტორისთვის ისე დაზარალებულებისთვის. ამასთან, კომპანიებმა წარმოადგინეს შესაბამისი პირობები, დღგ -სგან გათავისუფლება და კოეფიციენტის ზრდა.