CNN - ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსი კრემლის სავარაუდო ჯაშუშს შეხვდა
СNN-ის ცნობით, ტრამპის საარჩვენო შტაბის ყოფილმა უფროსმა „უკრაინის სამშვიდობო გეგმა“ კრემლის სავარაუდო ჯაშუშთან განიხილა. ამის შესახებ ინფორმაცია CNN-მა გაავრცელა.
ტელეკომპანიის ცნობით, აღნიშნულ ინფორმაციას სპეცპროკურორ რობერტ მიულერის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი დოკუმენტები ადასტურებს. ეს დოკუმენტები მედიამ 8 იანვარს გაავრცელა.
CNN-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსი პოლ მანაფორტი უკრაინის საკითხზე კონსტანტინ კლიმნიკს ესაუბრა, რომელიც რუსეთის დაზვერვასთან კავშირშია ეჭვმიტანილი.
როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, მანაფორტისა და კლიმნიკის შეხვედრა მადრიდში შედგა.
მანაფორტის ადვოკატმა მედიით გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები მადრიდში 2017 წლის თებერვალში, ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ გაიმართა.
თავის მხრივ, „ასოშიეთედ პრესი“ წერს, რომ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა შეცდომაში შეიყვანა გამოძიება და კლიმნიკთან კონტაქტების შესახებ ინფორმაცია დამალა.
შეგახსენებთ, 2018 წელს მანაფორტმა სპეცპროკურორ მიულერთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა, თუმცა, 7 დეკემბერს მიულერმა განაცხადა, რომ მანაფორტმა საპროცესო გარიგების პირობები დაარღვია და გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცა. ამის გამო მანაფორტი სასამართლოს წინაშე 25 იანვარს წარდგება.