ნიუ იორკში მდებარე ცათამბჯენ „ტრამპ თაუერში“ ხანძარი გაჩნდა. შენობის ზედა სართულებიდან შავი კვამლი ამოდიოდა. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ მეხანძრეები. მათი ცნობით, ამ დროისთვის, ხანძარი ლიკვიდირებულია. დაშავდა ერთი მოქალაქე და სამი მეხანძრე.
სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი შენობის 50-ე სართულზე გაჩნდა, სადაც ბინები და ოფისები მდებარეობს.
მომხდარის შესახებ მიკრობლოგ Twitter-ში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაწერა. ტრამპის თქმით, მეხანძრეებმა ხანძრის ჩაქრობა დროულად შეძლეს.
„ხანძარი ლიკვიდირებულია. „ტრამპ თაუერი“ საუკეთესოდ არის აშენებული. მადლობა მეხანძრეებს, მათ საუკეთესოდ იმუშავეს“, – დაწერა ტრამპმა.
როგორც ცნობილია, ხანძრის დროს აშშ-ის პირველი ლედი და პრეზიდენტის შვილი „ტრამპ თაუერში“ არ იმყოფებოდნენ.