Calcioinpillole – „ინტერთან“ საზონოვი „ტორინოს“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს, მას შეუძლია ლაუტაროს საქმე გაურთულოს #1TVSPORT
Calcioinpillole – „ინტერთან“ საზონოვი „ტორინოს“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს, მას შეუძლია ლაუტაროს საქმე გაურთულოს #1TVSPORT

იტალიურმა გამოცემამ, Calcioinpillole-მ სერია A-ს მეცხრე ტურის წინ „ინტერთან“ საბა საზონოვის „ტორინოს“ ძირითად შემადგენლობაში თამაშის შესაძლებლობა განიხილა.

გამოცემამ იტალიურ კლუბებში წელს გადასულ ხუთ მოთამაშეზე გაამახვილა ყურადღება, რომლებმაც მეცხრე ტურში, შეიძლება, გულშემატკივრები გააოცონ.

„საბა საზონოვი, „ტორინო“ – საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ნაბიჯ-ნაბიჯ ახერხებს იურიჩის (მწვრთნელი) ნდობის მოპოვებას და უფრო მეტ სათამაშო დროს იღებს. მან „ინტერთან“ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში უნდა დაიწყოს და ჩვენ გვჯერა, რომ ასეთი ძლიერი მეტოქის წინააღმდეგაც კი შეძლებს, გუნდის წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანოს.

შესანიშნავი აღნაგობის მქონე ფეხბურთელი ადვილად ადაპტირდა „ტორინოს“ სამმცველიან ტაქტიკასთან. ლაუტარო მარტინესსა და მის თანაგუნდელებს დიდი შრომა მოუწევთ, რათა კარისკენ მიმავალი გზა მონახონ. „ტორინოს“ სამი ცენტრალური მცველის დამაჯერებლობის იმედი გვაქვს“, – წერს იტალიური გამოცემა.

საბა საზონოვის „ტორინო“ მილანის „ინტერს“ 21 ოქტომბერს უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ამ დაპირისპირებამდე ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „ვერონას“ 17:00 საათზე დაუპირისპირდება.