ცაგერის სოფელ ლაილაშში 26 ნოემბრის ღამეს მეწყრული პროცესები განვითარდა, დაზიანებულია 17 საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი, სტიქიის ზონიდან გაყვანილია მოსახლეობა

16:13, 26.11.2026

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში  2026 წლის 26 ნოემბერს, ღამის საათებში მეწყრული პროცესი განვითარდა, რის გამოც ქვეყნის შესაბამისი სამსახურების მიერ ოპერატიულად განხორციელდა სტიქიის ზონიდან მოსახლეობის უსაფრთხოდ გაყვანა. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ბოლო პერიოდში რეგიონში მოსული უხვი ატმოსფერული ნალექების პროვოცირებით, დროებით სტაბილიზაციაში მყოფ მასშტაბური მეწყრული სხეულის კონტურში ადგილი ჰქონდა მეორადი გენერაციის ცალკეული უბნების გააქტიურებას, რის შედეგადაც დაზიანებულია 17 საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფი დილიდან ადგილზე იმყოფება, რათა დროულად იქნეს შეფასებული არსებული მდგომარეობა. სააგენტოს სპეციალისტების მიერ მიმდინარეობს მიმდებარე ტერიტორიისა და თითოეული მოქალაქის საკარმიდამო ნაკვეთის და საცხოვრებელი სახლის შეფასება.

ადგილზე უსაფრთხოების მიზნით ასევე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები.

სხვადასხვა წლებში სოფელ ლაილაშის ტერიტორიაზე სააგენტოს გეოლოგების მიერ შეფასებულია როგორც ინფრასტრუქტურული ობიექტები, ისე საკარმიდამო ნაკვეთები და გაცემულია შესაბამისი რეკომენდაციები. სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე რჩებიან და აწარმოებენ მონიტორინგს როგორც სტიქიის ზონაში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი