ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ გურამ დონაძემ და ზურაბ მიქაძემ ჩვენება მისცეს
ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ გურამ დონაძემ და ზურაბ მიქაძემ ჩვენება მისცეს

ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ დღეს ჩვენება მსჯავრდებულებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილმა უფროსმა, გურამ დონაძემ და საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ზურაბ მიქაძემ მისცეს.

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა, რომ მსჯავრდებულებმა აღნიშნული ჩვენება საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ მისცეს.

ადვოკატის თქმით, 20-21 ივნისის რეზონანსულ საქმეზე დაკავების შემდეგ, ოქრუაშვილის ციხეში დატოვების მიზნით პროკურატურამ მოწმეებს ჩვენებები შეაცვლევინა, საპროცესო შეღავათების მიღების სანაცვლოდ.

„პრინციპში, დონაძე ოქრუაშვილთან მიმართებაში პირდაპირი მოწმე არ არის, რადგან რაღაც რაღაცებს ამბობს მიქაძისგან გადმოცემით, მაგრამ ამ ორ მოწმესთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, მათი ჩვენებები რადიკალურად განსხვავებულია იმ ჩვენებებისგან, რასაც წლების განმავლობაში აძლევდნენ გამოძიებას. უფრო მეტსაც გეტყვით, პარალელურად მათი საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს და იქაც სხვა პოზიცია აქვთ, სხვა ჩვენებს იძლევიან. რით არის ახლა ეს გამოწვეული?- პირდაპირ თქვეს, რომ მათ იმედი დაკარგეს, რომ მათი არჩეული პოზიციისგან სასამართლოში მიაღწევენ იმ შედეგს, რაც სურთ, ანუ სტრატეგია რაც ჰქონდათ, ჩათვალეს, რომ იმ სტრატეგიამ არ გაამართლა და დღეს ცვლიან სტრატეგიას. აი, ამ ფორმით ელოდებიან შეღავათებს პროკურატურის მხრიდან, საპროცესო გარიგებას ვგულისხმობ.

უფრო მეტსაც გეტყვით, ორივე მათგანს 8 ნოემბერს აქვს ოფიციალურად განცხადება დაწერილი გამოძიების სახელზე, რომ ჩვენებებს მოგცემთ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ და საპროცესო შეთანხმება გაგვიფორმეთო. თურმე, როგორც აღნიშნეს, კონკრეტულად დონაძემ, ერთი წელი მას სურვილი ჰქონდა, ეთანამშრომლა გამოძიებასთან და ყურადღება ვერ დაიმსახურა გამოძიების.

აქ არის ცალსახა, რომ ოქრუაშვილი პატიმრობაში იყო 20-21 ივნისის საქმეზე. ეს იყო საკმაოდ რეზონანსული საქმე. მისი პატიმრობიდან გათავისუფლება არ უნდოდათ და 15 წლის თავზე სამართალდამცველებმა ზემოქმედება მოახდინეს ამ ხალხზე, შეჰპირდნენ შეღავათებს, ოღონდ კი ჩვენება მოგვეცით ოქრუაშვილის წინააღმდეგო. დააწერინეს ეს განცხადებები და მიაცემინეს ეს ჩვენებები, თუმცა მინდა გითხრათ, რომ იმ ჩვენებებშიც პირდაპირი მტკიცებულება ოქრუაშვილის წინაღმდეგ არ არსებობს. რაღაც ნათქვამს ამბობენ, რომელიც მერე თავისი ინტერპრეტირებით გაიგეს. საქმე იმაშია, რომ ოღონდ ოქრუაშვილი არ გამოსულიყო გარეთ, ეს სენსიტიური მძიმე თემა მიაბეს მას. უკვე საერთაშორისო საზოგადოების წინაშე და სამართლებრივად ექნებათ, რომ ივნისი რა შუაშია, აგერ ასეთ საქმეზე გვყავს დაპატიმრებული პირი და მის წინააღმდეგ გვაქვს ასეთი ჩვენებები, რეალურად არის ეს. ამ მოწმეებმა ცალსახად დაადასტურეს, რომ ისინი ციხიდან თავის დაღწევის მიზნით იძლევიან ასეთ ჩვენებას“, – განაცხადა მამუკა ჭაბაშვილმა.

ადვოკატის თქმით, გურამ დონაძისა და ზურაბ მიქაძის ჩვენებები რადიკალურად განსხვავდება წინა წლებში მიცემული ჩვენებებისგან და ასევე მათი ჩვენებები არ შეიცავს პირდაპირ მტკიცებულებებს ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ.

„მაგალითად, თითქოს მიქაძე 2012 წელსაც აღიარებს, რომ იქ მოხდა რაღაც-რაღაცების ფალსიფიცირება, თუმცა გვეუბნება, რომ ფაქტობრივად იგივე ჩვენება მივეცი 2012 წლის ნოემბერშიცო, რასაც ახლა ვიძლევიო, თუმცა ოქრუაშვილს საერთოდ არ ახსენებს. ბევრი ისეთი დეტალია, რომელზეც საუბრობს, თითქოს არ დაუმალავს არაფერი გამოძიებისთვის, მაგრამ ბევრ რამეში სხვადასხვაობა არის. ახლა ეს დეტალები შორს წაგვიყვანს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ამ კაცმა თქვა, მე ჩემი თავის გადარჩენა მინდოდა, ჯერ ამ ფორმით ვცდილობდი, ვიცოდი, რომ ასე ვთქვათ დაჭერილი ვიყავი და შარში ვიყავი, მაგრამ მსუბუქად მინდოდა გამოვმძვრალიყავიო. არ გამოვიდა და აი, ახლა მინდა, ამ ფორმით ვითანამშრომლო გამოძიებასთან და ელოდება შესაბამის შეღავათებს“,- აღნიშნა ადვოკატმა.

მისი თქმით, დონაძემ ბევრი არაფერი იცის, რადგან, როგორც ჭაბაშვილი ამბობს, მან მიქაძის მონათხრობიდან მიიღო ინფორმაცია.

„მაგრამ პრინციპი იგივეა. მანაც იგივე განაცხადა, რომ იმ ფორმით, რა ფორმითაც ის ცდილობდა გამოსულიყო ციხიდან, არ გამოვიდა და ახლა ამ ფორმით ცდილობს. თუმცა ერთიც მნიშვნელოვანია, რომ მაგალითად, მიქაძე, „მთავარი მოწმე“ ამბობს, რომ ოქრუაშვილმა მითხრა, მოკლედ ისე უნდა მისცე ინტერვიუ, რომ ურთიერთსროლის დროს ურთიერთდაპირისპირება მოხდა პატრულსა და ამ ხალხს შორისო და როცა ვეკითხებით, მიიღე თუ არა დავალება, რომ იარაღები უნდა ჩაგედოთ, არა – ამბობს, მაგრამ აბა ისე როგორ გამეკეთებინა და მერე უკვე ამას ყველაფერს თავისი ინტერპრეტაციას აძლევს, თვითონ უკეთებს ორგანიზებას, როგორც ამბობს, ან იარაღების მოტანას, თუმცა პირველ ჩვენებაში როცა ის თითქოსდა აღიარებდა დანაშაულს, ხელს სხვისკენ იშვერდა და სხვას აბრალებდა იარაღების მოტანას, მაგრამ არც ახლა და არც მაშინ საერთოდ არ უხსენებია ოქრუაშვილი. ახლა რასაც ამბობს, ოქრუაშვილის ნათქვამს თვითონ გაუკეთა ინტერპრეტირება და მერე მოახდინა ფალსიფიცირება შემთხვევისა“, – განაცხადა მამუკა ჭაბაშილმა.

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარე მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად სასამართლოს აჩვენებს, რომ გურამ დონაძისა და ზურაბ მიქაძის ჩვენები სიმართლეს არ შეესაბამება და მისი გაზიარება სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შეუძლებელია.

„ზარების ანძების დროების გამოკვლევით დავადასტურებთ, რომ მიქაძე იბრალებს დანაშაულს, რომ თვითონ იყო წასული პოლიციაში იარაღების მოსატანად. ან თუ არ იბრალებს, ყოველ შემთხვევაში, ოქრუაშვილი აქ არაფერ შუაშია. იმდენი რამ არის დეტალი, ჯერ ახლა დავიწყეთ მტკიცებულებათა გამოკვლევის წარმოება და აღმოვაჩენთ, რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. საბოლოო ჯამში, რაღაც კუდები რჩება, რომლებსაც ვერ ვსვამ მთლიან სურათში. ესე ზოგად მონათხრობში შეიძლება ჩასვა, მაგრამ როცა დეტალურად გადიხარ, იქ რჩება ისეთები, რომელსაც ვერ შეალამაზებს და ვერ გაასწორებს ბრალდების ვერსია როცა ტყუილს ამბობენ“,- განაცხადა მამუკა ჭაბაშვილმა.

ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილის მორიგი სასამართლო სხდომა საქალაქო სასამართლოში 15 აპრილის გაიმართება.