ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულ ზაზა ბაქრაძის დაკითხვა დღეს განახლდება
ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულ ზაზა ბაქრაძის დაკითხვა დღეს განახლდება. ამჯერად, ბაქრაძე დაცვის მხარის კითხვებს უპასუხებს.
ზაზა ბაქრაძეს ბრალად უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და მტკიცებულებების ფალსიფიკაცია ედება. ის წლების განმავლობაში მიმალვაში იმყოფებოდა, 28 თებერვალს კი უკრაინიდან დაბრუნდა. ყოფილი მაღალჩინოსანი ბრალს აღიარებს.
ბაქრაძის თქმით, მან 2004 წლის 24 ნოემბერს ბუტა რობაქიძის მეგობარს ხელყუმბარა პირადად ჩაუდო. მოწმემ ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევის დროს თქვა, რომ მტკიცებულებების ფალსიფიკაციას ბრალდებულები ზურაბ მიქაძე და გურამ დონაძე ახდენდნენ. მისივე ინფორმაციით, მტკიცებულებების გაყალბებაში მონაწილეობდნენ ასევე დავით იაშვილი და ირაკლი ფირცხალავა.
ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობისას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციას, ახალი გამოძიების პირობებში, ბრალდების მხარე ხუთ პირს – ზაზა ბაქრაძეს, გურამ დონაძეს, ზურაბ მიქაძეს, ირაკლი ფირცხალავასა და და დავით იაშვილს ედავება.
პროცესი 10:00 საათზე განახლდება.