ბუტა რობაქიძის მკვლელობიდან 15 წლისთავზე, დიდუბის პანთეონთან მისი მშობლები და მეგობრები შეიკრიბნენ
ბუტა რობაქიძის მკვლელობიდან 15 წლისთავზე, დიდუბის პანთეონთან მისი მშობლები და მეგობრები შეიკრიბნენ

ბუტა რობაქიძის მკვლელობიდან 15 წლისთავზე, დიდუბის პანთეონთან, მისი გარდაცვალების ადგილზე მისი მშობლები და მეგობრები შეიკრიბნენ.

მოკლულის მშობლებმა, ია მეტრეველმა და სოსო რობაქიძემ 15 წლისთავზე მიმდინარე გამოძიების შედეგები დადებითად შეაფასეს.

„საშინელი შეგრძნება მაქვს. 15 წლის წინ ამ ადგილზე გამოასალმეს სიცოცხლეს ჩემი ერთადერთი შვილი, აბსოლუტურად უდანაშაულოდ. არ აკმარეს ის, რომ წაართვეს სიცოცხლე და ბანდიტის იარლიყიც მიაკერეს, თუმცა დღეს ნამდვილად აღდგა სამართალი. უკვე მეორე პროცესია მაღალჩინოსნებზე დაწყებული. ბრალი წარედგინა ოქრუაშვილს, რასაც მე ვითხოვდი ბევრი წლის განმავლობაში. ის იყო მაშინ მინისტრი და მონაწილეობდა ამ ყველაფერში. სააკაშვილთან ერთად გასცეს მათ ბრძანება, იმაზე რაც გააკეთეს“, – განაცხადა ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა.

სოსო რობაქიძის თქმით, სამართლიანობა დიდწილად აღდგენილია.

„ისეთ ადამიანებს წარუდგინეს ბრალი, როგორებიც ოქრუაშვილი და ადეიშვილი არიან. ისინი ამ საქმის გაყალბებას ხელმძღვანელობდნენ. ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი გამოძიების შედეგები, მაგრამ მე მაინც კმაყოფილი ვარ“, – განაცხადა სოსო რობაქიძემ.

ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს პროკურატურამ 19 ნოემბერს წაუყენა ბრალი. აღნიშნულ საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.