ბუტა რობაქიძის მამა - ირაკლი ოქრუაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ დავპირდი და არ ვაცლი არც პოლიტიკოსობას, არც ოპოზიციონერობას, არც მთავრობაში მოსვლას [ვიდეო]

ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას აპროტესტებს. ამის შესახებ სოსო რობაქიძემ ირაკლი ოქრუაშვილისა და გუბაზ სანიკიძის ახალი პარტიის პრეზენტაციამდე „შერატონ მეტეხ პალასში“ განაცხადა.

ამასთან, სოსო რობაქიძემ ირაკლი ოქრუაშვილს მატყუარა უწოდა.

„მე მაგათ დავპირდი, არ ვაცლი არც პოლიტიკოსობას, არც ოპოზიციონერობას, არც მთავრობაში მოსვლას. ისევ გავაცოცხლებ თავიდან – „გადაარჩინე სიცოცხლეს“, შევკრებ ხალხს, რადგან ძალიან საშიში ხალხი აპირებს მთავრობაში მოსვლას. ვიბრძოლებ ისევ, რომ ნაცები და ესენი არ მოვიდნენ მთავრობაში. 2020 წლისთვის უნდა იცოდეს ყველამ, ვინ არის ადეიშვილი, ოქრუაშვილი, სააკაშვილი, ამ ხალხს, პარტიებს, არ უნდა ჰქონდეთ არანაირი შანსი იმის, რომ მთავრობაში მოვიდნენ. ვინც ამ ხალხის გვერდით დადგება, ჩემს თვალში ის არის კრიმინალი. ერთადერთი გული მწყდება გუბაზ სანიკიძეზე, რადგან ყველაზე მეტ პატივს ვცემდი, მაგრამ ცალკე შევხვდები და დაველაპარაკები. არ ვაცლი, პარტიასაც დავუშლი მარტივ მამრავლებად. ეს კაცი უნდა იყოს ციხეში და კრიმინალები მოდიან პოლიტიკაში საქართველოში. ეგ თავად რას უკეთებდა ხალხს,  კაცი მატყუარა, რომელიც ჯერ იძახის, რომ პატარკაციშვილის მკვლელობა დამავალესო, მერე თქვა, არ დამავალესო, ეგ კაცი როგორ უნდა მოვიდეს პოლიტიკაში“, – განაცხადა სოსო რობაქიძემ.

სოსო რობაქიძემ  „შერატონ მეტეხ პალასის“ ტერიტორია უკვე დატოვა.