ბუნდესტაგმა უკრაინისთვის Taurus-ის ტიპის რაკეტების გადაცემას მხარი არ დაუჭირა
ბუნდესტაგმა უკრაინისთვის Taurus-ის ტიპის რაკეტების გადაცემას მხარი არ დაუჭირა

ბუნდესტაგმა უკრაინისთვის Taurus-ის ტიპის რაკეტების გადაცემის წინააღმდეგ მისცა ხმა.

შესაბამისი ინიციატივა გერმანიის პარლამენტს ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა და ქრისტიან-სოციალური კავშირის მემარჯვენე-ცენტრისტულმა ბლოკმა წარუდგინა.

რაკეტების გადაცემას ბუნდესტაგის მხოლოდ 182-მა დეპუტატმა მისცა ხმა, წინააღმდეგი 480 იყო, ხუთმა კი თავი შეიკავა.

თავის მხრივ, მმართველმა ალიანსმა ბუნდესტაგში წარადგინა თავისი წინადადება, რომელიც მთავრობას მოუწოდებს უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღების სისტემების გადაცემისკენ, თუმცა Taurus-ის რაკეტების დაკონკრეტების გარეშე.

Taurus-ი გერმანულ-შვედური წარმოების საავიაციო ფრთოსანი რაკეტაა, რომელიც შორ მანძილზე მაღალი სიზუსტის დარტყმებისთვის არის განკუთვნილი.

გასულ კვირაში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა თავი აარიდა კითხვას Taurus-ის უკრაინისთვის მიწოდების შესახებ და აღნიშნა, რომ გერმანია უკრაინის სამხედრო დახმარებაზე ყველაზე მეტს ხარჯავს. კანცლერის თქმით, გასულ წელს ბერლინმა კიევს 12 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გაუწია.

ამასთან, როგორც გერმანული მედია წერს, ოლაფ შოლცი ყოყმანობს უკრაინისთვის აღნიშნული შეიარაღების მიწოდების საკითხზე კონფლიქტის ესკალაციის საფრთხის გამო.