ბულგარული გამოცემა - მატჩის შემდეგ ბათუმის სტადიონის გასასვლელში ჩხუბი მოხდა #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩის შემდეგ, რომელშიც ბათუმის „დინამომ“ ბულგარულ „ლუდოგორეცს“ 1:0 მოუგო, მაგრამ ორი შეხვედრის ჯამში (2:3 – 1:3, 1:0) გათამაშებას გამოეთიშა, ინციდენტი მოხდა – ინფორმაციას ბულგარული გამოცემა gong.bg ავრცელებს.
„მატჩის დასრულების შემდეგ ბათუმის „დინამოს“ ერთ-ერთმა ფეხბურთელმა „ლუდოგორეცის“ მოთამაშეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც სტადიონის გასასვლელში ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა.
მასპინძელთა გულშემატკივრებსა და ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნასთან შეგუება გაუჭირდათ. მოედანზე გულშემატკივარი შეიჭრა და „ლუდოგორეცის“ ფეხბურთელებზე შურისძიება სცადა.
მოულოდნელად, მასპინძლების მოთამაშემ „ლუდოგორეცის“ ფეხბურთელებთან კამათი დაიწყო, რაც ჩხუბში გადაიზარდა, მოთამაშეები ბოლოს გააშველეს. მოსალოდნელია, რომ უეფა-ს სადისციპლინო კომიტეტი საქართველოს ჩემპიონს მკაცრად დასჯის“, – წერს ბულგარული გამოცემა.