ბულგარეთში როტაციული მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმდნენ

19:18, 22.05.2023

ბულგარეთში როტაციული მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმდნენ. კონსენსუსი ქვეყნის ორ უმსხვილეს საპარლამენტო ბლოკს შორის ბოლო სამ წელიწადში ოთხჯერ გამართული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შედგა. ეს ბლოკებია: „გერბი – დემოკრატიულ ძალთა კავშირი“ და „განვაგრძობთ ცვლილებებს – დემოკრატიული ბულგარეთი“.

შეთანხმების მიხედვით, როტაციული მთავრობა, სულ მცირე, 18 თვის განმავლობაში იმუშავებს. პირველი ცხრა თვე ხელისუფლებას პრემიერ-მინისტრის რანგში „განვაგრძობთ ცვლილებებს – დემოკრატიული ბულგარეთის“ კანდიდატი ნიკოლაი დენკოვი უხელმძღვანელებს, მომდევნო ცხრა თვე კი – „გერბი – დემოკრატიულ ძალთა კავშირიდან“ ყოფილი ევროპარლამენტარი მარია გაბრიელი.

დენკოვის პრემიერობის პერიოდში მარია გაბრიელი ვიცე-პრემიერისა და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს დაიკავებს, შემდეგ კი ამ თანამდებობებს დენკოვი გადაიბარებს.

ბულგარეთში ბოლო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2023 წლის 2 აპრილს გაიმართა.

მსგავსი