ბულგარეთში მთავრობის მიერ უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე შეზღუდვის გაუქმებას აპროტესტებენ
ბულგარეთში მთავრობის მიერ უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე შეზღუდვის გაუქმებას აპროტესტებენ

ბულგარეთში ფერმერები ქვეყნის მასშტაბით აქციებს მართავენ და მთავრობის მიერ უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვის გაუქმებას აპროტესტებენ. როგორც ადგილობრივი მედია წერს, აქციებში სასოფლო-სამეურნეო სფეროში მომუშავე 25 ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

აქტივისტები ცენტრალური ავტომაგისტრალებისა და სასაზღვრო-გამშვები პუნქტების ბლოკირებას გეგმავენ. დემონსტრანტებს ქუჩებში გამოყვანილი ჰყავთ სასოფლო სამეურნეო ტექნიკა – ტრაქტორები, კომბაინები და სხვა მანქანები.

მათი მოთხოვნაა უკრაინული მარცვლეულის ქვეყანაში იმპორტის შეზღუდვა და მთავრობისგან დამატებითი დაფინანსების მიღება.

როგორც ბულგარული მედია წერს, აქციების გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს მობილიზებული ჰყავს სამართალდამცავები. ბულგარეთის შინაგან საქმეთა მინისტრი კალინ სტოიანოვი აცხადებს, რომ მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების უფლება დაცული უნდა იყოს.

ბულგარეთის ფერმერთა კავშირმა მოუწოდა აქციის მონაწილეებს, დემონსტრაციები მშვიდობიანად ჩაატარონ და მოერიდონ პროვოკაციებს.

ბულგარეთის პარლამენტმა 14 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ქვეყანაში დაშვების შესახებ, რასაც ხელისუფლებამაც დაუჭირა მხარი. ფერმერები აცხადებენ, რომ მთავრობამ „ბულგარეთის ეროვნულ ინტერესებს უღალატა“.

უკრაინული პროდუქციის იმპორტის აკრძალვის მოთხოვნით კიდევ ერთი აქცია სოფიაში 19 სექტემბერსაა დაგეგმილი.