ბულგარეთში ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებმა საბერძნეთის საზღვრისკენ მიმავალი ავტომაგისტრალი ჩახერგეს
ბულგარეთში ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებმა საბერძნეთის საზღვრისკენ მიმავალი ავტომაგისტრალი ჩახერგეს

ბულგარეთში ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებმა საბერძნეთის საზღვრისკენ მიმავალი ავტომაგისტრალი ჩახერგეს. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისა და ქვეყნის მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვენ.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, დემონსტრანტებმა ქალაქ ბლაგოევგრადთან ახლოს გამავალი საავტომობილო გზა საათნახევრის განმავლობაში დაბლოკეს.

აქციის მიმდინარეობისას, ადგილზე გააგზავნეს პოლიციის დამატებითი ძალები, რომლებმაც დემონსტრანტების გზიდან გადაყვანა შეძლეს.

ამასთან, დემონსტრანტებს ავტომაგისტრალები ქვეყნის კიდევ რამდენიმე ქალაქში აქვთ ჩახერგილი. მათ შორის დედაქალაქ სოფიაშიც, სადაც აქტივისტებს კარვები ცენტრალურ მოედანზე აქვთ გაშლილი.

როგორც იუწყებიან, დღეს საღამოს სოფიასა და ბულგარეთის სხვა ქალაქებში რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართება.

ანტისამთავრობო მიტინგები ბულგარეთში 9 ივლისის შემდეგ მიმდინარეობს.