ბულგარეთში აცხადებენ, რომ ნატო-სთან ერთად განიხილავენ, როგორ უპასუხონ რუსეთის მიერ შავი ზღვის ეკონომიკური ზონის ნაწილობრივ ბლოკადას
ბულგარეთში აცხადებენ, რომ ნატო-სთან ერთად განიხილავენ, როგორ უპასუხონ რუსეთის მიერ შავი ზღვის ეკონომიკური ზონის ნაწილობრივ ბლოკადას

ბულგარეთი ნატო-სთან ერთად განიხილავს, როგორ უპასუხოს რუსეთის მიერ შავი ზღვის ეკონომიკური ზონის ნაწილობრივ ბლოკადას, – ამის შესახებ ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა, თოდორ თაგარეევმა „Euractiv“-თან ინტერვიუში განაცხადა.

თაგარეევმა აღნიშნა, რომ რუსეთმა შავ ზღვაში ბულგარეთის ეკონომიკური ზონის ნაწილი სექტემბრის ბოლომდე დაკეტა ამ ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნების გამო. მისივე თქმით, ბულგარეთი ამ ქმედებებს პროვოკაციად მიიჩნევს.

„ბულგარეთი განიხილავს ამ პროვოკაციებზე პასუხს, როგორც საკუთარ, ისე ჩვენს, ნატო-ს მოკავშირეებთან ერთად“, – აღნიშნა ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა.

„Euractiv“-ის კითხვაზე, შეიმუშავა თუ არა ბულგარეთმა სცენარები სატვირთო გემებზე რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, რომლებიც უკრაინის პორტებიდან ბულგარეთის ან შავი ზღვის ეკონომიკური ზონით მიემგზავრებოდნენ, თავდაცვის სამინისტრომ უპასუხა, რომ ასეთი სცენარები არ არსებობს.

„ამჟამად არ არსებობს ნატო-ს წევრი ქვეყნის ტერიტორიულ ზღვაში მცურავ სავაჭრო გემზე თავდასხმის უშუალო რისკი ან საფრთხე. ეს წყლები თითოეული სანაპირო სახელმწიფოს სუვერენიტეტს ექვემდებარება და სახელმწიფო ტერიტორიის ნაწილია. ტერიტორიულ ზღვაში თავდასხმა შეიძლება, ჩაითვალოს თავდასხმად ბულგარეთზე და მთლიანად ნატო-ზე“, – აცხადებენ სამინისტროში.

სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ დამატებითი ზომები ეკონომიკურ ზონებში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად „მიიღწევა მხოლოდ ნატო-ს ქმედებებით, გაერო-ს წესდებისა და საერთაშორისო საზღვაო სამართლის შესაბამისად, კოორდინირებულად რეგიონის სხვა პარტნიორებთან“.

„ბულგარეთის პოზიცია შავ ზღვაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ყოველთვის ეფუძნებოდა მოკავშირეთა სოლიდარობის პრინციპს, მოკავშირეთა ქმედებებსა და მოკავშირეთა გარანტიებს ნატო-ში. როდესაც ასეთი მოკავშირე გადაწყვეტილებას მიიღებს, ბულგარეთი თავის წვლილს შეიტანს, თავისი შესაძლებლობების შესაბამისად“, – ნათქვამია განცხადებაში.