ბულგარეთმა ევროკავშირის სანქციებისგან იხსნა ორი რუსული ბანკი, რომლებსაც ბულგარელი მფლობელები ჰყავს

16:56, 16.11.2026
ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ველისლავა პეტროვა

ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ველისლავა პეტროვა

ბულგარეთმა ევროკავშირის ახალი სანქციების სიიდან 2 რუსული ბანკის ამოღება მოითხოვა, რომლებსაც ბულგარელი მფლობელები ჰყავს. ეს ინფორმაცია ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ველისლავა პეტროვამ ბრიუსელში დაადასტურა, სადაც ის ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობდა.

საქმე ეხება „საინვესტიციო კორპორაციულ ბანკს“ და „პირველ საინვესტიციო ბანკს“. ამ უკანასკნელს, ველისლავა პეტროვას თქმით, ბულგარეთში მოქმედ ამავე სახელწოდების ბანკთან არაფერი აქვს საერთო. ორივე ბანკის საკონტროლო პაკეტი ბულგარელებს ეკუთვნით. სიიდან მათი ამოღების მიზეზად ბულგარეთი იმას ასახელებს, რომ ამ ბანკების დასანქცირების შემთხვევაში, რუსეთის სახელმწიფო ზარალის ნაცვლად, სარგებელს ნახავს.

ველისლავა პეტროვა, საგარეო საქმეთა მინისტრი: „ეს ბანკები ბულგარეთის საკუთრებაშია და მათ ბულგარული კომპანიები ფლობენ. ისინი არ იყენებენ იმ პირების ფინანსურ რესურსებს, რომლებიც სანქცირებულთა სიებში არიან შეყვანილნი. გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციაში მათი საქმიანობის სტრუქტურა, დიდწილად, არ აძლევს მათ იქ ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას. თუ ამ ბანკებს სანქციები დაუწესდებათ, ერთადერთი, რაც მოხდება, იქნება ის, რომ ისინი რუსეთის სახელმწიფოს კონტროლქვეშ მოექცევიან და, შესაბამისად, თავიანთ აქტივებს დაკარგავენ. ეს კონტრპროდუქტიული იქნება, რადგან რუსული მხარისთვის ზიანის მიყენებისა და შეზღუდვების დაწესების ნაცვლად, რეალურად მათ შემოსავალს მოუტანს“.

რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების გარდა, მინისტრები ბრიუსელში, მოახლოებული ზამთრის ფონზე, უკრაინისთვის ახალი ფინანსური დახმარების გამოყოფის საკითხსაც განიხილავენ. ვარაუდობენ, რომ ოთხშაბათს ევროკომისია უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის ახალი სესხის გამოყოფის წინადადებით გამოვა.

ამ სესხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება მომავალი კვირის ბოლოს დაგეგმილ საგანგებო სამიტზე იქნება მიღებული. ევროპელი ლიდერები უკრაინის სესხის საკითხს ევროკავშირის მრავალწლიან ფინანსურ ჩარჩოსთან ერთად განიხილავენ.

ევროკავშირის მთავარი დიპლომატი, კაია კალასი მოითხოვს, რომ ახალი სამშვიდობო მოლაპარაკებების განხილვამდე, რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას უნდა დათანხმდეს. მისი თქმით, მოსკოვი არ ასრულებს ევროპული უსაფრთხოების შესახებ არსებულ შეთანხმებებს და ახალ, „მაქსიმალისტურ და აბსურდულ“ მოთხოვნებს აყენებს, რომლებიც უკრაინაში ომის გაგრძელების საბაბად გამოიყენება.

კაია კალასი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში: „ჩვენ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა, რათა ნებისმიერ სხვა საკითხზე მოლაპარაკებების დაწყება გახდეს შესაძლებელი. ამ ეტაპზე მსგავსს ვერაფერს ვხედავთ. ვხედავთ მხოლოდ იმას, რომ რუსეთი ინფრასტრუქტურაზე – რკინიგზაზე, ხიდებზე, ენერგეტიკულ ობიექტებზე – თავდასხმებით, კიდევ უფრო ამწვავებს ვითარებას, რათა მშვიდობიან მოსახლეობას რაც შეიძლება მეტი ტანჯვა მიაყენოს და უკრაინელები მკაცრი ზამთრის დადგომამდე დანებდნენ“.

სტატიის ავტორი: დენისლავა აპოსტოლოვა, ბულგარეთის ეროვნული ტელევიზია (БНТ – Българска национална телевизия)

ფოტო: ბულგარეთის ეროვნული ტელევიზია

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი, 2026 წელი, 10:16 (ცენტრალური ევროპის დრო)

მსგავსი