ბულგარეთის ვიცე-პრეზიდენტი - ძვირფასო ქართველებო, დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გაართმევთ თავს, როგორც ერი, რომელსაც მრავალი ბრძოლისა და წინააღმდეგობის გადალახვის გამოცდილება აქვს
ბულგარეთის ვიცე-პრეზიდენტი - ძვირფასო ქართველებო, დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გაართმევთ თავს, როგორც ერი, რომელსაც მრავალი ბრძოლისა და წინააღმდეგობის გადალახვის გამოცდილება აქვს

ძვირფასო ქართველებო, გააგრძელეთ ქრისტიანობის ციხე-სიმაგრედ ყოფნა, იყავით დამოუკიდებელნი, იყავით წარმატებულნი ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური კრიზისების წინაშე, – ამის შესახებ ბულგარეთის ვიცე-პრეზიდენტმა, ილიანა იოტოვამ ბულგარეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით გამართულ ვიდეოკონფერენციაზე განაცხადა.

საელჩოს ფეისბუგვერდზე ვიდეოკონფერენცია საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ელჩმა, თამარ ლილუაშვილმა.

ვიდეოკონფერენციის ფარგლებში ბულგარეთის რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის ბულგარეთის ვიცე-პრეზიდენტმა, ილიანა იოტოვამ საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ საკითხთა დეპარტამენტის დირექტორმა, პლამენ ბონჩევმა, „ატლანტიკური კლუბის“ თავმჯდომარემ – პროფესორმა სოლომონ პასიმ, ასევე საქართველოს საპატიო კონსულებმა ბულგარეთის რესპუბლიკაში იული ნუშევმა, დინკო დინევმა, და ქ.სოფიაში აკრედიტირებულმა დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს.

ბულგარეთის ვიცე-პრეზიდენტმა, ილიანა იოტოვამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ქართველ ერს  უზარმაზარი ტრადიციები, მრავალი ბრძოლისა და წინააღმდეგობის გადალახვის გამოცდილება აქვს.

„გმადლობთ მოწვევისთვის და შესაძლებლობისთვის, მოგილოცოთ ეს დღესასწაული. მიუხედავად პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებისა, მოხარული ვარ, რომ აღნიშნული ფორმით გვეძლევა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის შესაძლებლობა. არსებული პანდემია ითხოვს მასთან საბრძოლველად ძალისხმევათა გაერთიანებას და ერთად დგომას. აღნიშნული პოზიცია გაჟღერებულ იქნა ცოტა ხნის წინ ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რუმენ რადევსა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შორის გამართული სატელეფონო საუბრისას. სრულიად ვიზიარებ ამ აზრს – არსებული პანდემიის პირობებში აუცილებელია სწორი ბალანსის პოვნა ჯანდაცვით ღონისძიებებსა და სოციალურ-ეკონომიკურ ნაბიჯებს შორის, ვინაიდან ფინანსური შედეგები, რომლებიც მოჰყვება კრიზისს, განსაკუთრებით მძიმე იქნება რიგითი მოქალაქეებისათვის. სწორედ აქ არის მნიშვნელოვანი სახელმწიფოსა და მთავრობის როლი.

მსურს გაგიზიაროთ, რომ ღონისძიებაზე ჩემი საზოგადოებაში ერთ-ერთი ბოლო გამოჩენა, პანდემიის მიერ ყველა ღონისძიების გაუქმებამდე, იყო სწორედ საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებული გამოფენა „სამოთხის შეხება“, სადაც ახალგაზრდა, ძალიან ნიჭიერი ხელოვანის გიორგი სისაურის ნიმუშების ხილვა შეგვეძლო. დღეს, ჩემს კაბინეტში ღირსეულ ადგილს იკავებს გიორგი სისაურის მიერ ჩემთვის ნაჩუქარი ძვირფასი საჩუქარი – ნახატი, ქართულ ენაზე, კალიგრაფიულად შესრულებული ჩემი სახელით.

გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს, ქართველებო. თქვენ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე სახელმწიფო ხართ, რომელიც ევროპასა და აზიას შორის მოკავშირის როლს ასრულებს, როგორც გეოგრაფიულად, კულტურულად, ისე ბევრი სხვა მიმართულებით. დღეს საქართველო მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია. სულ რამდენიმე დღის წინ საქართველომ დაასრულა ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა, რომელიც ძალიან ნაყოფიერად და წარმატებულად ჩატარდა. ყოველივე აღნიშნული ძალიან საპასუხისმგებლოა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ყოველივეს გაართმევთ თავს, როგორც ერი, რომელსაც გააჩნია უზარმაზარი ტრადიციები, მრავალი ბრძოლისა და წინააღმდეგობების გადალახვის გამოცდილება. ძვირფასო ქართველებო, გააგრძელეთ ქრისტიანობის ციხე-სიმაგრედ ყოფნა, იყავით დამოუკიდებელნი, იყავით წარმატებულნი ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური კრიზისების წინაშე. დარწმუნებული ვარ თქვენი დევიზის „ძალა ერთობაშია“ მართებულობასა და წარმატებაში, მით უფრო რომ, შეგახსენებთ, ბულგარეთის დევიზია „ერთობა ქმნის ძალას“.

საუკეთესო სურვილებით თქვენი ქვეყნისა და ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისათვის. დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ, საქართველოვ!“ – განაცხადა ბულგარეთის ვიცე-პრეზიდენტმა, ილიანა იოტოვამ.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.