ბულგარეთის პრეზიდენტმა ვეტო დაადო კანონს, რომელიც უკრაინისთვის ჯავშანტრანსპორტიორების მიწოდებას ითვალისწინებს
ბულგარეთის პრეზიდენტმა ვეტო დაადო კანონს, რომელიც უკრაინისთვის ჯავშანტრანსპორტიორების მიწოდებას ითვალისწინებს

ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა ვეტო დაადო კანონს, რომელიც უკრაინისთვის ჯავშანტრანსპორტიორების მიწოდებას ითვალისწინებს. აღნიშნულ კანონს პარლამენტში ხელახლა განიხილავენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ვეტოს მიზეზად ბულგარეთის პრეზიდენტი ასახელებს იმას, რომ პარლამენტის წევრები საკმარისად ვერ გაეცნენ დახმარების კონკრეტულ პარამეტრებს, რის გამოც მათ ვერ შეძლეს ობიექტურად შეფასება, აღნიშნული ტექნიკა არის თუ არა საჭირო თავად ბულგარეთში.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ შესაბამისი კანონის რატიფიცირებისას არ იყო გათვალისწინებული შსს-ს წინაშე არსებული ამოცანები, სასაზღვრო პოლიციისა და სახანძრო უსაფრთხოების საჭიროებები. რუმენ რადევის განმარტებით, აღნიშნული ყველგანმავალი სატრანსპორტო ტექნიკის გამოყენება შესაძლებელია ბულგარეთის საზღვრის დაცვისთვის და სტიქიური უბედურებების, ავარიების დროს მოსახლეობის დახმარებისთვის, მათ შორის რთულად მისადგომ რაიონებში.

„მე ვხელმძღვანელობ რწმენით, რომ ბულგარეთის მოქალაქეების უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და სიცოცხლე უნდა იყოს მთავარი პრიორიტეტი“, – განაცხადა ბულგარეთის პრეზიდენტმა.

უკრაინისთვის ჯავშანტექნიკის მიწოდების შესახებ შეთანხმებას 8 აგვისტოს სოფიაში მოეწერა ხელი, 13 ნოემბერს კი – უკრაინაში. ვინაიდან შეთანხმება სამხედრო-ტექნიკურ თანამშრობლობას ეხება, საჭირო იყო ბულგარეთის პარლამენტის მიერ მისი რატიფიცირება.