ბულგარეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მარია გაბრიელი დასახელდა
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მარია გაბრიელი დასახელდა

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ინოვაციების საკითხებში ევროკომისარი მარია გაბრიელი დასახელდა. მარია გაბრიელის კანდიდატურის შესახებ ბულგარეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბოიკო ბორისოვმა განაცხადა.

ევროკომისარი მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია „გერბის“ მიერ იქნება წარდგენილი.

დასავლური მედიის ინფორმაციით, „გერბის“ ინიციატივა პოლიტიკური ჩიხის დაძლევას ისახავს მიზნად, რადგან ზედიზედ ხუთმა არჩევნებმა ვერ გამოავლინა უმრავლესობის გამარჯვებული. სავარაუდოდ, გაბრიელის კანდიდატურას მხარს დაუჭერენ ბულგარეთის ცენტრისტული პარტიები. ბორისოვის განცხადების შემდეგ ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა, მანფრედ ვებერმა თქვა, რომ ჯგუფი „გულთბილად“ მიესალმება მარია გაბრიელის დასახელებას ბულგარეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად.

„მას აქვს გამოცდილება და საერთაშორისო ავტორიტეტი სოფიაში არსებული პოლიტიკური ჩიხის დასაძლევად. სრული მხარდაჭერა პარტია „გერბს“ ქვეყნის ინტერესების პირველ ადგილზე დაყენებისთვის“, – განაცხადა მანფრედ ვებერმა.

გაბრიელი იყო კომისარი ინოვაციების, კვლევის, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში ურსულა ფონ დერ ლეიენის კომისიაში, მანამდე კი ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟან-კლოდ იუნკერის დროს, ციფრულ საკითხებში კომისრის თანამდებობას იკავებდა. მარია გაბრიელი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მომხსენებელი იყო.