ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი – დაუსრულებელი გადაიარაღება გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე დიპლომატიის მცდელობები
დაუსრულებელი გადაიარაღება გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე დიპლომატიის მცდელობები, – ამის შესახებ ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, რუმენ რადევმა განაცხადა შავ ზღვაში ბულგარეთის ეკონომიკურ ზონაში ორ გემზე დრონებით თავდასხმის შემდეგ.
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო საშუალებების შეძენა ბულგარეთისთვის რთული საკითხია და ერთ დღეში ვერ მოგვარდება.
„ამ კონტექსტში უნდა აღვნიშნო, რომ საჰაერო და საზღვაო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო შესაძლებლობების შეძენის საკითხი რთულია და ერთ ღამეში ვერ გადაწყდება. ამას დრო, თანმიმდევრულობა, სისტემური მიდგომა და მნიშვნელოვანი დაფინანსება სჭირდება“, – განაცხადა რადევმა.
რადევმა აღნიშნა, რომ ევროპულ დაცვის ინიციატივაში გაწევრიანების შემდეგ ბულგარეთს IRIS-T-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემის მხოლოდ ერთი კონტრაქტი აქვს გაფორმებული, რაც მთელი ქვეყნის ტერიტორიის დასაფარად საკმარისი არ არის. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ დაამტკიცა მთავრობამ საინვესტიციო ხარჯების გეგმის პროექტი, რომელიც კიდევ ხუთი ასეთი სისტემის შეძენას ითვალისწინებს.
„უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი ტერიტორიის დაცვა და წვლილი შევიტანოთ ალიანსის საერთო თავდაცვით შესაძლებლობებში. ამავე დროს, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ომში ფულის ჩაბრუნება და დაუსრულებელი გადაიარაღება – რადგან ეს სისტემები მუდმივად უნდა განახლდეს – გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე დიპლომატიისა და მშვიდობის მდგრადი გადაწყვეტის ძიების მცდელობები, და ჩვენი მთავრობა ამ მიმართულებით იმუშავებს“, – განაცხადა რადევმა.