ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ევროკავშირი უკრაინიდან ხორბლის გატანას ბულგარეთის გავლით განიხილავს
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ევროკავშირი უკრაინიდან ხორბლის გატანას ბულგარეთის გავლით განიხილავს

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის, კირილ პეტკოვის თქმით, ევროკავშირი უკრაინიდან ხორბლის გატანას ბულგარეთის გავლით განიხილავს.

ამის შესახებ განცხადება კირილ პეტკოვმა, დღეს ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტის მეორე დღის დასაწყისში გააკეთა.

„ხორბლის გამოსატანად აუცილებელია უსაფრთხო დერეფნის უზრუნველყოფა შავ ზღვაში, თუმცა ეს უნდა შეთანხმდეს რუსეთთან, მაგრამ თუ ეს ვერ მოხერხდა, ჩვენ განვიხილავთ შესაძლებლობას, რომ ხორბლის ნაწილის გამოტანა ვარნასა და კონსტანცას გავლით მოხდეს. ეს არის ორი პორტი, რომელიც ყველაზე ახლოსაა ოდესასთან. უფრო ძვირი იქნება, მაგრამ ეს ვარიანტი უფრო სარწმუნოა, რადგან ჩვენ პუტინზე არ ვიქნებით დამოკიდებულნი“, – განაცხადა პეტკოვმა.

​მისივე თქმით, ამავე დროს ევროკავშირი უკრაინული პორტებიდან ხორბლის გატანის გზებს რუსეთთან და თურქეთთან ერთად განიხილავს.

უკრაინული პორტებიდან ხორბლის გატანა ვერ ხერხდება, რაც აფრიკული ქვეყნების მოსახლეობის ნაწილს შიმშილით ემუქრება.