ბულგარეთის პარლამენტში დეპუტატები ქვეყნის ევროზონაში შესვლასა და ევროს ვალუტის შემოღებასთან დაკავშირებით ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ბულგარეთის პარლამენტში დეპუტატებს შორის ჩხუბი მოხდა. უთანხმოების მიზეზი ქვეყნის ევროზონაში შესვლა და ევროს ვალუტის შემოღება გახდა.
ევროპულმა კომისიამ და ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ბულგარეთს ნება მისცეს, 2026 წლიდან მიმოქცევაში ევრო შემოიღოს. ამგვარად, ბულგარეთი გახდება 21-ე ქვეყანა, რომელიც ერთიანი ვალუტის ზონის წევრი იქნება.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას სოფიაში ულტრამემარჯვენე „აღორძინების პარტიის“ მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა პარლამენტის გარეთ ბულგარეთის დროშებით. „არა ევროკოლონიალიზმს“, – სკანდირებდნენ შეკრებილები.
პარლამენტის სხდომათა დარბაზში ვითარება მაშინ დაიძაბა, როდესაც „აღორძინების პარტიის“ დეპუტატმა ტრიბუნის ბლოკირება მოახდინა.
თავის ანგარიშში ევროკომისიამ განაცხადა, რომ ბულგარეთმა დააკმაყოფილა ფორმალური კრიტერიუმები, რომლებიც საჭიროა ევროს მისაღებად.
„ევრობარომეტრის“ მიერ მაისში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკვლევით, გამოკითხულთა 50% სკეპტიკურად არის განწყობილი ევროს შემოღების მიმართ. ადგილობრივების ნაწილი შიშობს, რომ ევროზე გადასვლა ფასების ზრდას გამოიწვევს.