ბულგარეთის პარლამენტმა აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
ბულგარეთის პარლამენტმა აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

ბულგარეთის პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს აზარტული თამაშების შესახებ, რომელიც კერძო ლატარეის აკრძალვას ითვალისწინებს.

როგორც მთავრობაში აცხადებენ, აღნიშნული ინიციატივა მიმართულია კორუფციისა და ახალგაზრდების აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების წინააღმდეგ, ასევე სპორტის დაფინანსების გაზრდისკენ.

პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვის მთავრობა აზარტული თამაშების სფეროს შეზღუდვის ინიციატივით მას შემდეგ გამოვიდა, რაც სახელმწიფო აუდიტორებმა დაიწყეს დარგში სავარაუდო სერიოზულ ფინანსურ დარღვევებზე გამოძიება. გამოძიების ფარგლებში დღეს რეიდები ჩატარდა აზარტული თამაშების სახელმწიფო კომისიის ოფისში, ასევე რამდენიმე კერძო კომპანიაში.

„ჩვენ წარვადგინეთ უფრო მკაცრი კონტროლი აზარტული თამაშების ყველაზე გავრცელებულ სახეობაზე, ლატარეაზე. კანონის მთავარი მიზანია, შევამციროთ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პანდემია, რომელიც საფრთხეს უქმნის მოთამაშე პირების ჯანმრთელობას, ფინანსებს და ზოგჯერ სიცოცხლესაც კი“, – განაცხადა ბულგარეთის პარლამენტის წევრმა ვალერი სიმეონოვმა.

ახალი კანონპროექტის თანახმად, კერძო ლატარეის კომპანიებს სახელმწიფო ორგანო, ბულგარეთის სპორტის ტოტალიზატორი ჩაანაცვლებს, რაც შემოსავალს გაზრდის და რომლის ნაწილიც სპორტის ფედერაციებისა და სპორტის განათლებას მოხმარდება. კანონი ასევე კრძალავს ლატარეის ბილეთების სკოლებთან გაყიდვას.

კანონის კრიტიკოსები ამბობენ, რომ ახალი კანონპროექტი არ არის საკმარისი ახალგაზრდებში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების წინააღმდეგ საბრძოლველად, რადგან ის არ ეხება ლატარეის რეკლამას. ლატარეის ოპერატორი კომპანიები კი აღნიშნავენ, რომ ეს ინიციატივა არის კერძო ბიზნესის ნაციონალიზაცია.