ბულგარეთის მმართველი პარტია 2017 წლის შემდეგ უნდობლობის გამოცხადებას მეოთხედ გადაურჩა
ბულგარეთის მმართველი პარტია 2017 წლის შემდეგ უნდობლობის გამოცხადებას მეოთხედ გადაურჩა

ბულგარეთის მმართველი პარტია უნდობლობის გამოცხადებას გადაურჩა. უნდობლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით კენჭისყრა პარლამენტში ოპოზიციის ინიციატივით შედგა. ოპონენტები მთავრობას წყლით მომარაგებასა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე აკისრებს პასუხისმგებლობას.

კენჭისყრისას 240-წევრიან პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას 102-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი, 124 დეპუტატი იყო.

2017 წლის მაისში ხელისუფლებაში მოსვლიდან ბოიკო ბორისოვის მთავრობა უნდობლობის გამოცხადებას ოთხჯერ გადაურჩა.

წყალმომარაგების კრიზისი სოფიას მახლობლად მდებარე ქალაქ პერნიკში ნოემბერში დაიწყო და შესაძლოა, აპრილამდე გაგრძელდეს. წყალმომარაგების პრობლემების გამო, მიმდინარე თვის დასაწყისში ბულგარეთის გარემოს დაცვის მინისტრი ნენო დიმოვი თანამდებობიდან გაათავისუფლეს და დააკავეს. ამას გარდა, ოპოზიცია უკმაყოფილოა, რომ მთავრობა ვერ გაუმკლავდა იმპორტირებული ნარჩენების გადამუშავებას.