ბულგარეთის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ დაადასტურა, რომ სოფიას მახლობლად უცნობმა პირებმა „სტარლინკის“ ანტენებს ცეცხლი წაუკიდეს
ბულგარეთის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ დაადასტურა, რომ სოფიას მახლობლად უცნობმა პირებმა „სტარლინკის“ ანტენებს ცეცხლი წაუკიდეს,- ამის შესახებ ქვეყნის პარლამენტის სხდომაზე ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელმა, პლამენ ტონჩევმა განაცხადა.
მისი თქმით, თავდამსხმელებმა ობიექტის ტერიტორიაზე შეღწევა ღობეში გაკეთებული ხვრელის მეშვეობით შეძლეს. ტონჩევის განმარტებით, „სტარლინკის“ ობიექტი ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტების ნუსხაშია შეყვანილი.
გამოცემა „დნევნიკის“ ინფორმაციით, „სტარლინკის“ ანტენები სოფელ პლანაში მდებარე ობიექტზეა განთავსებული, რომელიც სოფიადან დაახლოებით 40 კილომეტრში მდებარეობს.
იმავე სხდომაზე ბულგარეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ივან დემერჯიევმა უარყო ინფორმაცია, თითქოს სპეცსამსახურებს „სტარლინკზე“ მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ ინფორმაცია წინასწარი ჰქონდათ. ამის შესახებ მანამდე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ივაილო მირჩევმა განაცხადა. ინციდენტის შესახებ ინფორმაცია 12 ოქტომბრის საღამოს პირველად სწორედ მირჩევმა გაავრცელა. მისი მტკიცებით, ორმა ნიღბიანმა პირმა ობიექტზე არსებული 17 ანტენიდან 11-ს ცეცხლი წაუკიდა. პარლამენტში გამოსვლისას, დეპუტატმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ინციდენტის უკან შესაძლოა, რუსეთი დგას.
ბულგარეთის ხელისუფლებას ამ დრომდე არ განუცხადებია, ვის მიიჩნევს „სტარლინკის“ ანტენებისთვის ცეცხლის წაკიდებაში დამნაშავედ.
ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ევროპაში „სტარლინკის“ ობიექტები რამდენჯერმე დაწვეს. წინა ინციდენტი სექტემბრის ბოლოს პოლონეთში მოხდა. მოგვიანებით ვარშავაში განაცხადეს, რომ „ამ დივერსიული აქტის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან“.
12 ოქტომბერს გერმანიაში თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც, სავარაუდოდ, პოლონეთში მომხდარ ინციდენტთან არიან დაკავშირებულები.