ბულგარეთიდან საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში სპეცრეისით დაბრუნდებიან
ქართული ავიაკომპანია Myway Airlines ბულგარეთში მყოფი, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად, დღეს, პირველ აპრილს, ჩარტერულ რეისს განახორციელებს.
როგორც კომპანიის ინფორმაციაშია აღნიშნული, სპეციალური რეისით, ბულგარეთის ქალაქ ბურგასიდან, საქართველოში ასამდე მოქალაქე დაბრუნდება. მათ შორის არიან საქართველოს გადამზიდავი კომპანიების მძღოლებიც, რომლებსაც ბულგარეთის მხარემ, ქვეყანაში არსებული საკარანტინო შეზღუდვის გამო, ბორანზე ასვლისა და საკუთარ ავტომობილებთან ერთად გამომგზავრების უფლება არ მისცა. აღნიშნული ფრენა, ბოინგ 737-800 ტიპის თვითმფრინავით შესრულდება.
ხომალდი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თბილისის დროით 16:30 საათზე დაეშვება.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, „მაივეიეარლაინსი“ სპეციალურ რეისს თვითღირებულებით ასრულებს.
„საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირების პროცესში, Myway Airlines-ი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით ხელმღვანელობს.
ინფექციების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, თვითმფრინავში, მგზავრების განლაგება მოხდება ჭადრაკისებრი პრინციპით, ხომალდის ეკიპაჟი კი შემოსილი იქნება სპეციალური აღჭურვილობით“, – აცხადებენ კომპანიაში.