ბულგარეთი: წელს შავი ზღვის სანაპიროზე ტურისტების ნაკადი შემცირდა
ვარნა, შავი ზღვის სანაპირო (საილუსტრაციო ფოტო)
ვარნის (ბულგარეთი) ტუროპერატორები და სასტუმროს მფლობელები ერთხმად აცხადებენ, რომ დასასვენებელი ადგილისა და დროის შერჩევისას, მთავარ ფაქტორს ფასი წარმოადგენს. თავის მხრივ, ტურიზმის პალატა აღნიშნავს, რომ ბულგარეთში ფასები უკვე საბერძნეთისა და თურქეთის ფასებს გაუტოლდა, ასევე ადასტურებს, რომ წლევანდელი სეზონი, წინა წლებთან შედარებით, „სუსტია“.
ვარნის ტურიზმის პალატაში ასევე მიიჩნევენ, რომ ამ ყველაფერთან ერთად, ტურისტების ჩვევებიც იცვლება.
პროფესორი, სტოიან მარინოვი (ვარნის ტურიზმის პალატა): „ისინი უფრო მოკლე ვადით და უფრო მოკლე მანძილზე მოგზაურობენ. თუ ადრე 5-7 ღამით რჩებოდნენ, ახლა 2 ან 3 დღით ჩამოდიან და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ზღვის სანაპიროზე დაისვენონ. ამჟამად ტურისტები მხოლოდ ფასს აქცევენ ყურადღებას“.
ტურისტების ჯგუფი: „ზღვა მშვენიერია, ჰაერი – სუფთა, თუმცა ჩვენ აქ ყველაზე მეტად მაინც უსაფრთხოება, სიმშვიდე და სიწყნარე გვიზიდავს. წელს უფრო იაფფასიან სასტუმროში ვრჩებით, რადგან ჩემი ქმარი ფრონტზეა და მხოლოდ ამის საშუალება გვაქვს“… „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყოველ ჯერზე სხვადასხვა ადგილას წასვლა, რათა ჩვენმა შვილებმა სხვადასხვა ქვეყანა ნახონ. ვიტყოდი, რომ აქ კარგია, თუმცა განსაკუთრებულად გამორჩეული არაფერია და ფასებიც თითქმის ყველგან ერთნაირია“.
სასტუმროს მფლობელი, სტელა დეიანოვა აღიარებს, რომ ევროს შემოღების შემდეგ ფასები თითქმის ავტომატურად დაკორექტირდა.
სტელა დეიანოვა: „როდესაც ბულგარეთი ევროზე გადავიდა, ჩვენ ფასები, უბრალოდ, გადმოვიტანეთ – ციფრები იგივე დავტოვეთ და მხოლოდ ვალუტის სიმბოლო შევცვალეთ“.
სტელა წლევანდელ სეზონს, კოვიდპანდემიის შემდეგ, ყველაზე ცუდ სეზონად მიიჩნევს, იმის გათვალისწინებით, რომ მის სასტუმროში არსებული თითქმის 200 ნომრიდან 1 ივლისს მხოლოდ 42 იყო დაკავებული. აგვისტოსთვის სასტუმრო სრულად დაჯავშნილია, თუმცა დეიანოვა ვარაუდობს, რომ პიკური სეზონი დაახლოებით 20 აგვისტოს დასრულდება.
სტელა დეიანოვა, სასტუმროს მფლობელი: „ამჟამად მოგების ძალიან დაბალი მარჟით ვმუშაობთ – მართლაც ძალიან დაბალით. ვერ ვხვდები, კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ“. პროფესორი, სტოიან მარინოვი: „სასტუმროებისა და რესტორნების მფლობელები ჯერ კიდევ მოგებაზე მუშაობენ, რადგან ზარალზე რომ იყვნენ, დაიხურებოდნენ და უამრავ გაკოტრებულს ვიხილავდით, რაც ჯერ არ გვინახავს. თუმცა, ხარჯები, ბუნებრივია, იზრდება, მოგება კი მცირდება“.
სასტუმროების მფლობელების თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ ხელი შეუწყოს ტურიზმის დადებითად წარმოჩენას, ისინი კი, თავის მხრივ, შეეცდებიან, აღადგინონ სავაჭრო ურთიერთობები იმ პარტნიორებთან, რომლებთანაც ადრე თანამშრომლობდნენ.