ბულგარეთი: შავ ზღვაში მიმდინარე ომი მეთევზეებს საქმიანობას ურთულებს – თევზჭერა მცირდება, ხარჯები კი იზრდება
ალექსანდარ ტრაპკოვი (საილუსტრაციო ფოტო)
დრონების თავდასხმები, მათი ნამსხვრევებით გამოწვეული საფრთხე და საწვავის მაღალი ფასები ბულგარეთის თევზის რეწვის სექტორს მძიმე მდგომარეობაში აყენებს.
შავ ზღვაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციების გამო, თევზჭერის სექტორს ბულგარეთში სერიოზული ზიანი მიადგა. დრონებისა თუ სხვა სამხედრო ტექნიკის ნამსხვრევებისგან მომდინარე საფრთხის გამო, მეთევზეები თევზჭერის ტრადიციულ ადგილებს ერიდებიან და იძულებულნი არიან, ნაპირთან უფრო ახლოს ითევზაონ.
მეთევზეთა ასოციაციის თავმჯდომარე, ალექსანდარ ტრაპკოვი: „ძალიან რთული ვითარება შეიქმნა. ტრადიციულ ადგილებში თევზჭერას ვეღარ ვახერხებთ. ასეთი ადგილები, ხშირ შემთხვევაში, ეკონომიკურ ზონაში, ნაპირიდან 10-30-40 საზღვაო მილის დაშორებით მდებარეობს. სამხედრო მოქმედებების შედეგად ჩამოცვენილი ნამსხვრევების გამო, გემები ღამით ზღვაში გასვლას ვერ ახერხებენ. ადამიანები შიშის ქვეშ მუშაობენ“.
მისივე თქმით, უშუალოდ მეთევზეები თავდასხმის ქვეშ არ მოხვედრილან ან ასეთი თავდასხმის მოწმენი არ გამხდარან, თუმცა წასწყდომიან მიტოვებულ ხომალდებსა და მცურავ ნამსხვრევებს, რომლებიც ნავიგაციისთვის საფრთხეს წარმოადგენს. დამატებითი პრობლემაა თევზის რეწვის მოცულობის შემცირება. ტრაპკოვის თქმით, აფეთქებები და დეტონაციები თევზის გუნდებს ფანტავს, რის გამოც სეინერები ჩვეულებრივზე 50%-ით ნაკლები ნადავლით ბრუნდებიან.
„თევზჭერის დარგი გადარჩენას საჭიროებს. დღეში დაახლოებით 500-600 ევროს ოდენობის საწვავის ხარჯებისა და დაბალი შესასყიდი ფასების პირობებში, ზღვაში გასვლა თითქმის აზრს კარგავს“, – აღნიშნა მან.
პირდაპირ სეინერზე თევზი 1-3 ევროდ იყიდება, ხოლო შეზღუდული ექსპორტი და მცირე შიდა ბაზარი პროდუქციის რეალიზაციას ართულებს. პრობლემას ვერც საწვავის ხარჯების დასაფარად გათვალისწინებული დახმარება აგვარებს, ვინაიდან, დარგის წარმომადგენლის თქმით, მისი ოდენობა კომპანიების ბრუნვაზეა მიბმული. ვინაიდან თევზის რეწვის დაბალი მაჩვენებლების ფონზე შემოსავლები მცირდება, შესაბამისად იკლებს დახმარების მიღების შესაძლებლობაც.
„თუ დახმარება არ იქნება, მალე ზღვაში სათევზაოდ აღარავინ გავა“, – აფრთხილებს საზოგადოებას ალექსანდარ ტრაპკოვი.
ზემოქმედებითაც არიან შეშფოთებულნი. მათი თქმით, გემებიდან გაჟონილმა საწვავმა, შესაძლოა, ზღვა დააბინძუროს და თევზების თავმოყრის ადგილების ეკოსისტემას ზიანი მიაყენოს.
უსაფრთხოების რისკების, მაღალი ხარჯებისა და შემცირებული შემოსავლების ერთობლიობის გამო, დარგის წარმომადგენლები სათანადო დახმარებას ითხოვენ, რათა შავი ზღვის სანაპიროზე მცხოვრებმა ადამიანებმა თევზჭერით კვლავ შეძლონ თავის რჩენა.