ბულგარეთი: მასშტაბური ავტოავარიის მიზეზებს და გარემოებებს სამართალდამცველი ორგანოები დეტალურად იკვლევენ
მასშტაბური ავტოავარიის ადგილი
თრაკიის (ბულგარეთი) ავტომაგისტრალზე მომხდარ მასშტაბურ ავტოავარიათან დაკავშირებით, რომლებსაც 11 ადამიანი ემსხვერპლა, 50-ზე მეტი კი დაშავდა, 50-ზე მეტი მოწმე უკვე გამოიკითხა. ჩატარდა ავტოსაგზაო შემთხვევის 6 მონაკვეთის დათვალიერება, ასევე გრძელდება კლინიკებში მოთავსებული დაშავებულების გამოკითხვა. პარალელურად, გამომძიებლები გზის საფარის მდგომარეობას სწავლობენ – ასფალტიდან აღებულია სინჯები საბურავების მოჭიდების შესამოწმებლად.
იამბოლის საოლქო პროკურატურამ საგზაო ინფრასტრუქტურის სააგენტოდან გამოითხოვა სრული დოკუმენტაცია გზის იმ მონაკვეთის ექსპლუატაციაში მიღებისა და სარემონტო სამუშაოების შესახებ, სადაც ავარიები მოხდა. აღნიშნული დოკუმენტებისა და გზის საფარის კვლევის შედეგების საფუძველზე, დაინიშნება სამშენებლო-ტექნიკური ექსპერტიზა.
ავტოსაგზაო შემთხვევის 6 ადგილის დათვალიერება უკვე ჩატარდა, მათ შორის – დრონის გამოყენებით. ექსპერტიზაზე გადაყვანილ 20 სატრანსპორტო საშუალებას შორის არის ის სატვირთო ავტომობილიც, რომელსაც რუმინეთის დაკავებული მოქალაქე მართავდა. იგეგმება ავტომობილების დამატებითი შემოწმებაც.
გრძელდება კლინიკებში მოთავსებული იმ დაშავებულების გამოკითხვა, რომლებსაც ჩვენების მიცემა შეუძლიათ. ასევე იგეგმება რუმინეთის დაკავებული მოქალაქის განმეორებითი დაკითხვა.
გამოძიებას ბულგარეთის ეროვნული საგამოძიებო სამსახურის 10 გამომძიებელი და 3 კრიმინალისტი აწარმოებს. ჩატარდება კომპლექსური ავტოტექნიკური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელმაც მომხდარ შემთხვევებს, 11 ადამიანის დაღუპვასა და სხვა დაზარალებულთა დაზიანებებს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირი უნდა დაადგინოს.
ექსპერტთა დასკვნების შემდეგ, პროკურატურა გადაწყვეტს, არსებობს თუ არა კონკრეტული პირებისთვის ბრალის წაყენების საფუძველი.