ბულგარეთი ჯანდაცვის სექტორში კორუფციას სამედიცინო ხარჯების რეალურ დროში მაკონტროლებელი აპლიკაციით ებრძვის

17:56, 20.08.2026
კადრი „ბულგარეთის ტელევიზიის" პირველი არხის სიუჟეტიდან

კადრი „ბულგარეთის ტელევიზიის" პირველი არხის სიუჟეტიდან

ამიერიდან პაციენტები მკურნალობაზე დახარჯული თანხების რეალურ დროში კონტროლს შეძლებენ. ელექტრონულ სამედიცინო ბარათებზე წვდომის უზრუნველმყოფელ მობილურ აპლიკაცია E-Health-ში დამატებული ახალი ფუნქცია ამას დაახლოებით 15 დღეში გახდის შესაძლებელს.

პაციენტებისთვის პროცესის გასამარტივებლად, ჯანდაცვის სამინისტრო და ჯანმრთელობის დაზღვევის ეროვნული ფონდი დროებითი სარეგისტრაციო პუნქტების გახსნას განაგრძობენ. გარდა ამისა, აპლიკაციის გააქტიურება ელექტრონული ხელმოწერითაც არის შესაძლებელი. უშუალოდ ელექტრონული სამედიცინო ბარათის გააქტიურებას 3 წუთზე ნაკლები დრო სჭირდება.

კატია (პაციენტი): „საკუთარი ანალიზის შედეგების სანახავად ამ აპლიკაციის გადმოწერა დიდი ხანია მინდოდა. ასეთი ელექტრონული ისტორიის არსებობა ძალიან მოსახერხებელია. ჯანმრთელობაზე ზრუნვისას ყოველთვის კარგია იმის ცოდნა, ბოლოს როდის ჩაიტარე გამოკვლევა.“

ემილია (პაციენტი): „ყველაფრის კონტროლი შეგიძლია. ამოწმებ, რამდენად სწორად არის მონაცემები შეყვანილი. გარდა ამისა, ინფორმაცია წლების განმავლობაში ინახება და ყველაფრის დამახსოვრება აღარ გიწევს, უბრალოდ შედიხარ სისტემაში და ხედავ, რა და როდის გაკეთდა. ეს სიტუაციის კონტროლში გეხმარება.“

უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, პაციენტს ნებისმიერ დროს შეუძლია საჩივრის შეტანა ან ჯანმრთელობის დაზღვევის ეროვნული ფონდისთვის ინფორმაციის მიწოდება.

გეორგი ბელჩევი, სოფიის რეგიონული ჯანმრთელობის დაზღვევის ფონდის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი: „ამ აპლიკაციით თითოეულ პაციენტს შეუძლია საკუთარ ელექტრონულ სამედიცინო ბარათში აღრიცხული ოჯახის ექიმის მიერ ჩატარებული გამოკვლევების, სამედიცინო და სადიაგნოსტიკო ანალიზების და მათი შედეგების კონტროლი, ასევე, ჰოსპიტალიზაციის დეტალების გადამოწმება. ამ ყველაფერს კი მხოლოდ მოწყობილობის დაკავშირება და ელექტრონული ბარათის გააქტიურება სჭირდება.

ჯანმრთელობის დაზღვევის ეროვნული ფონდის მონაცემებით, კამპანიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყნის მასშტაბით უკვე 12 700-ზე მეტი მოწყობილობაა დარეგისტრირებული. მხოლოდ სოფიაში ეს მაჩვენებელი 1 400-ს აჭარბებს. აპლიკაციის გასააქტიურებელი სარეგისტრაციო ცენტრების ქსელის გაფართოება მომავალშიც გაგრძელდება.

სტატიის ავტორია ცანკა ნიკოლოვა („ბულგარეთის ტელევიზია” – BNT). თავდაპირველად გამოქვეყნდა: 19 აგვისტო, 2026, 19:37 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი