ბულგარეთი: ერთი ლიტრი დიზელის საწვავის ფასმა 1.90 ევროს მიაღწია
საილუსტრაციო ფოტო
1 ლიტრი დიზელის საწვავი ბულგარეთში 8 სექტემბერს 1.86 ევრო ღირდა. მას შემდეგ, რაც სულ რაღაც ერთ კვირაში 0.04 ევროთი გაძვირდა, მისმა საშუალო ფასმა 1.90 ევროს მიაღწია, ზოგიერთ ავტოგასამართ სადგურზე კი 1.90-იან ნიშნულსაც გადააჭარბა. პლატფორმა fuelo.net-ის მონაცემებით, ამ ტიპის საწვავზე ყოველთვიური მატება 6.74 პროცენტს შეადგენს, წლიურ ჭრილში კი დიზელის ფასის ზრდამ 54.84 პროცენტს მიაღწია.
ყველაზე ფართოდ გამოყენებადი ბენზინი, A-95, გასული თვის განმავლობაში ბულგარეთში საშუალოდ 0.10 ევროთი, ანუ 6.45 პროცენტით გაძვირდა. დღეის მდგომარეობით, მისი საშუალო ფასი ლიტრზე 1.55 ევროდან 1.65 ევრომდე გაიზარდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ამ ტიპის ბენზინის ფასმა 33.35 პროცენტით მოიმატა.
პროპან-ბუტანის შემთხვევაში, ყოველთვიურმა მატებამ ლიტრზე 0.03 ევრო, ანუ 4.62 პროცენტი შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ მისი ფასი 1 ლიტრზე 0.65 ევროდან 0.68 ევრომდე გაიზარდა, პროპან-ბუტანის ფასის წლიური ზრდის მაჩვენებელმა კი 23.14 პროცენტი შეადგინა.
გაძვირდა მეთანიც. პლატფორმის მონაცემებით, მისმა საშუალო ფასმა კილოგრამზე 0.09 ევროთი, ანუ 6.92 პროცენტით მოიმატა, ანუ 1.30 ევროდან 1.39 ევრომდე ავიდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მეთანის ფასის ზრდის მაჩვენებელმა 23.57 პროცენტი შეადგინა.