ბულგარეთი: ახალი ცნობები შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროს მაზუთით დაბინძურების შესახებ

13:50, 25.06.2026

დაბინძურების წყარო ჯერ კიდევ დაუდგენელია

შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროს გასწვრივ მდებარე ბულგარეთის პლაჟებზე მაზუთის კვალის აღმოჩენის შესახებ ცნობები კვლავაც უწყვეტად შემოდის. მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში, ბურგასის გარემოსდაცვითმა ინსპექციამ, დაბინძურებასთან დაკავშირებით, 100-ზე მეტი შეტყობინება მიიღო.

ხელისუფლება აღიარებს, რომ პლაჟების ყოველდღიურად დასუფთავების მიუხედავად, მაზუთის წყაროს დადგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია. შესაბამისად, სანაპირო ზოლის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ დაბინძურებულია.

ივო ხრისტოვი თითქმის ყოველდღე გადის ზღვაში თავისი იალქნიანი იახტით. მისი თქმით, მაზუთის კვალი არა მხოლოდ სანაპიროზე, არამედ ზღვის სიღრმეშიც კარგად ჩანს.

ივო ხრისტოვი: „ხანდახან წყალში მისი ფრაგმენტები (გროვები) ჩანს, დაახლოებით ერთ მეტრამდე ზომის. გუშინ, როცა ცარევოში დავბრუნდი და ნავმისადგომთან გავჩერდი, ღუზის ამოღებისას ხელები მთლიანად მაზუთით დამესვარა. შემდეგ პლაჟზე ჩავედი და რესტორნისკენ მიმავალმა ფეხებზე დავიხედე – ისინიც მთლიანად მაზუთით მქონდა დაფარული“.

ზღვაში მცურავი შავი ლაქები, როგორც წესი, ქვებსა და წყალმცენარეებს ეკვრის, მათთან შეხების შედეგი კი უმალ იგრძნობა. მათი მოცილება უკიდურესად რთულია და მხოლოდ წყლით ჩამორეცხვა არ შველის.

ბურგასის გარემოსდაცვითმა ინსპექციამ ბოლო დღეებში მაზუთით დაბინძურებული პლაჟები შეამოწმა. დადგინდა, რომ ისინი გაწმენდილი იყო, რაც ბულგარეთის ეროვნული ტელევიზიის გადამღები ჯგუფის დაკვირვებამაც დაადასტურა.

თუმცა, მცირე კლდოვანი ყურეები, სადაც ტურისტები ნაკლებად დადიან, ჯერ კიდევ არ გაწმენდილა. იქ მაზუთის ლაქები კვლავ კარგად ჩანს, რაც დაბინძურების მასშტაბზე მკაფიო წარმოდგენას ქმნის.

ახტოპოლელი მეთევზეები ამბობენ, რომ ნავთობპროდუქტები სანაპიროზე წინა წლებშიც გამოირიყებოდა ხოლმე, თუმცა არა ასეთი რაოდენობით. ამასთან, ისინი არ იზიარებენ მოსაზრებას, რომ დაბინძურების წყარო ტანკერი „კაიროსია“, რომელიც გასული წლის ბოლოს მეჩეჩზე დაჯდა.

იანკო მილკოვი, ახტოპოლელი მეთევზე: „ეს გემი გამართული და საიმედო ხომალდი იყო. არაფერი სჭირდა ისეთი, რის გამოც ამ ნარჩენებს ზღვაში გადაყრიდა.“
– ბულგარეთის ეროვნული ტელევიზია (BNT): „მაშ, საიდან შეიძლებოდა მოსულიყო?“
– „უკრაინიდან, აბა, სხვა საიდან?“
– BNT: „ანუ, ომთან არის დაკავშირებული?“
– „ჩემი აზრით, იქიდან მოდის. სხვა საიდან უნდა იყოს?“

ბულგარეთის სანაპირო ზოლის სხვადასხვა მონაკვეთზე მაზუთი მომდევნო დღეებშიც, სავარაუდოდ, კვლავ გამოირიყება. ამიტომ, პლაჟების ოპერატორები დამატებითი დასუფთავების სამუშაოების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაში არიან.

სტატიის და ფოტოს ავტორი: ბულგარეთის ეროვნული ტელევიზია (БНТ)

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 24 ივნისი 2026, 20:35 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი