ბულგარეთი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას დაბლოკავს
ბულგარეთი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას დაბლოკავს. ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ეკატერინა ზაჰარიევას განცხადებით, ორ ქვეყანას ისტორიასთან და ენასთან დაკავშირებული დავები ჯერ კიდევ გადასაწყვეტი აქვს.
„როიტერის“ ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ევროპის საქმეთა მინისტრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას სავარაუდოდ 17 ნოემბერს აპირებენ. თუ რომელიმე ქვეყანა მოლაპარაკებების ჩარჩოს წინააღმდეგია, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ოფიციალურად ვერ დაიწყება.
ზაჰარიევას თქმით, ჩრდილოეთ მაკედონია არ ასრულებს ორ ბალკანელ მეზობელს შორის მეგობრობის ხელშეკრულებას, რომელიც 2017 წელს გაფორმდა და ატარებს პოლიტიკას, რომელიც ბულგარეთის მიმართ სიძულვილს ემყარება. სოფიას სურს, მისმა მეზობელმა აღიაროს, რომ მის ერსა და ენას ბულგარული ფესვები აქვს, ასევე ბოლო მოუღოს ანტიბულგარულ რიტორიკას. სკოპიეს თქმით, მისი იდენტობა და ენა განხილვას არ ექვემდებარება.