ბულგარელი მენეჯერი – ჩვენი ნაკრები ევროპაში ერთადერთია, რომელსაც ფეხბურთის თამაშის ეშინია #1TVSPORT
საფეხბურთო აგენტმა, ლაჩეზარ ტანევმა გამოცემა dsport-თან ისაუბრა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქის, ბულგარეთის ნაკრების შესახებ, რომელიც პირველ ტურში სოფიაში ესპანეთთან 0:3 დამარცხდა.
„ესპანეთთან დიდი სხვაობით წაგება არ მაწუხებს. განვიცდი იმას, რომ ჩვენთვის პრობლემად იქცნენ ისეთი გუნდები, რომელთაც ადრე ვამარცხებდით – საქართველო, შვეიცარია, ალბანეთი და ა.შ.
ესპანეთთან დიდი ანგარიშით მარცხი მოულოდნელი არ ყოფილა – კლასში უზარმაზარი სხვაობაა. ეს 10-15 წლიანი ციკლია, რადგან ბავშვებთან სათანადოდ არ მუშაობენ. სასწაული ვერ მოხდება.
ჩვენ ევროპაში ერთადერთი გუნდი ვართ, რომელსაც ფეხბურთის თამაშისა და ბურთის ეშინია. გვეშინია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მოთამაშეებს დიდი სურვილი და თავდადება აქვთ“, – ამბობს ბულგარელი მენეჯერი.
საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებების მატჩი 7 სექტემბერს, 17:00 საათზე დაიწყება, ხოლო პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.