ბულგარელ გულშემატკივრებს მარსელის სტადიონზე თავს დაესხნენ: საგარეო უწყება საფრანგეთს ოფიციალურ ნოტას უგზავნის

17:41, 27.11.2026

„ოლიმპიკ მარსელისა“ და „ლევსკის“ საფეხბურთო მატჩის დროს შეტაკებები მოხდა

„ოლიმპიკ მარსელისა“ და „ლევსკის“ საფეხბურთო მატჩის დროს შეტაკებები მოხდა

„ოლიმპიკ მარსელისა“ და „ლევსკის“ საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარი შეტაკებების შემდეგ, ბულგარეთის გენერალურმა კონსულმა, ნადია ჟივკოვა-ვანევამ გადაცემა Денят започва-ში („დღე იწყება“) განაცხადა, რომ დაკავებულთა შორის ბულგარეთის მოქალაქეები არ არიან და ამჟამად არცერთი ბულგარელი საავადმყოფოში აღარ იმყოფება.

„ინციდენტის შესახებ პირველი ცნობები მატჩის დაწყებისთანავე გაჩნდა. მუდმივ კონტაქტზე ვიყავით როგორც ადგილზე მყოფ ბულგარეთის მოქალაქეებთან, ისე ბულგარეთში მცხოვრებ მათ ახლობლებთან, რომლებმაც სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებული ვიდეოების ნახვის შემდეგ, ჩვენი დახმარება ითხოვეს. პირველადი ინფორმაციით, ბულგარეთის 11 მოქალაქე დაშავდა. 6 მათგანს დახმარება ადგილზევე, სტადიონზე გაეწია, დანარჩენი 5 კი მარსელის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. საფრანგეთის პოლიციის ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის, დაკავებულთა შორის ბულგარეთის მოქალაქეები არ არიან. ისინი სამედიცინო დაწესებულებებშიც უკვე აღარ იმყოფებიან“, – აღნიშნა ქალაქ ლიონში ბულგარეთის გენერალურმა კონსულმა, ნადია ჟივკოვა-ვანევამ.

იმის თაობაზე, თუ როგორ ეხმარება ბულგარეთის საკონსულო დაზარალებულებს, ვანევა ამბობს:

„თითოეულ შემთხვევას ინდივიდუალურად ვუდგებით. მარსელიდან ზოგი ორგანიზებულად მიემგზავრება, ზოგი კი გადაადგილების სხვადასხვა საშუალებას იყენებს – როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო ტრანსპორტს. დავუკავშირდით ბულგარეთის აბსოლუტურად ყველა მოქალაქეს, რომელმაც დახმარებისთვის მოგვმართა, ასევე ვესაუბრეთ მათ ახლობლებს. მათ, ვინც მატჩზე და სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, არეულობის აღსაკვეთად გამოყოფილი სპეციალური პოლიციური დანაყოფები აცილებდნენ. სხვებს, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებებში იყვნენ, პოლიციის ესკორტი გამოეყოთ. პირადად ვესაუბრე ბულგარეთის სამ მოქალაქეს, რომლებიც მარსელის ორ საავადმყოფოში იმყოფებოდნენ. ვიცი, რომ ზოგიერთს დაზიანებები ჰქონდა და ჭრილობა გაუკერეს. მომხდარის თავიანთი ვერსია მათ პირადად მიამბეს“.

პოლიტიკური რეაქცია მარსელში გამართულ მატჩზე მომხდარი ინციდენტების შემდეგ:

„მომხდარს კატეგორიულად ვგმობთ. ბულგარეთის მხარე დაჟინებით მოითხოვს ყველა გარემოების სრულად გარკვევას. ის, რაც სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, აბსოლუტურად მიუღებელია. სოლიდარობას ვუცხადებ ყველა დაზარალებულსა და მათ ახლობლებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – დასძინა ნადია ჟივკოვა-ვანევამ.

 

სტატია და ფოტო: ბულგარეთის ეროვნული ტელევიზია (БНТ – Българска национална телевизия)

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 27 ნოემბერი, 2026 წელი, 06:15 (ცენტრალური ევროპის დრო)

მსგავსი