„უიპეშტის“ თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ ახალ გუნდში წარმატებული თამაშის ერთ-ერთ მიზეზად ქართველი თანაგუნდელი გიორგი ბერიძე დაასახელა. ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გამოცემა nemzetisport-თან ისაუბრა.
უნგრულმა გამოცემამ ორივე ქართველი უნგრეთის ჩემპიონატის 27-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა (ისევე როგორც გამოცემამ, Csakfoci-მ) და ზივზივაძეს წარმატებული გამოსვლის მიზეზებზე ესაუბრა.
„მე და გიორგი ერთმანეთს კარგად ვუგებთ. არაა დასამალი, რომ თანამემამულის გოლმა უფრო გამახარა, ვიდრე ჩემმა, მით უმეტეს, რომ საგოლე პასი გავუკეთე. მას ბოლო რვა ტურში მეტოქის კარი აღებული არ ჰქონდა – თავდამსხმელი ვარ და ვიცი, ეს როგორი რთულია“, – ამბობს ბუდუ ზივზივაძე.
28 წლის ქართველი თავდამსხმელი იმედოვნებს, რომ მისი გუნდი ევროსაგზურს მოიპოვებს.
„შემდეგ ტურში „ზალაეგერსზეგს“ (მე-4 ადგილზეა) ვუმასპინძლებთ და თუ დავამარცხებთ, გავუსწრებთ და მეოთხე ადგილზე დავწინაურდებით. მე მაინც ვიმედოვნებ, რომ მესამე ადგილზე გავალთ, თუ შემდეგშიც ასე კარგად ვითამაშებთ“.
ზივზივაძემ პირად მოტივაციაზეც ისაუბრა.
„მოტივირებული ვაგრძელებ თამაშს, მინდა ვაჩვენო, რა ღირებული ფეხბურთელი ვარ. ამიტომ ჩამოვედი „ფეჰერვარიდან“, სადაც ჩემგან ბევრს არ ელოდნენ. თუმცა, „უიპეშტისთვის“ არა მხოლოდ ჩემპიონატი, არამედ უნგრეთის თასიც არის შანსი, რომ ევროთასებზე გავიდეთ“.
აღსანიშნავია, რომ ბუდუ ზივზივაძემ უნგრეთის ჩემპიონატის ბოლო 7 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა, ტურის სიმბოლურ ნაკრებში 6-ჯერ დაასახელეს და ჩემპიონატის მარტის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, ხოლო საქართველოს ნაკრებში ბოსნიასთან სადებიუტო გოლი გაიტანა.