ბუდაპეშტში საქართველოს საელჩომ ქართველ სპორტულ ჟურნალისტებს უმასპინძლა #1TVSPORT
პირველი სექტემბრიდან საქართველოს საელჩო ბუდაპეშტის ერთ-ერთ ისტორიულ შენობაში განთავსდა. ახალ მისამართზე პირველი მიღება გაიმართა. ქართველ სპორტულ ჟურნალისტებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიკოლოზ ლალიაშვილი შეხვდა. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრას საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან მგალობლიშვილი დაესწრო.
შეხვედრის ფარგლებში დიპლომატებმა და ჟურნალისტებმა სპორტული მედიის, სპორტისა და დიპლომატიის მნიშვნელობაზე, ქვეყნის პოპულარიზაციასა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
ბუდაპეშტის „პუშკაშ არენაზე“ ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრა (უნგრეთი – საქართველო), სხვა ქართველ ჟურნალისტებთან ერთად, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებითა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, თხუთმეტამდე სპორტულმა ჟურნალისტმა გააშუქა.
ბუდაპეშტში ჟურნალისტთა ხუთკაციანი ჯგუფის გამგზავრება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელდა.