ბუდაპეშტის გრანდ სლემზე დღეს შვიდი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს #1TVSPORT
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეა. მედლების მოსაპოვებლად ტურნირზე შვიდი ქართველი ძიუდოისტი ხუთ წონით კატეგორიაში გამოვა. 90 კგ-ში ბექა ღვინიაშვილი ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება და სერბ მიჰაილო ჩირიჩს შეხვდება. ამ წონაში გამომსვლელი მეორე ქართველი ნიკა ხარაზიშვილი კი საწყის რაუნდში დომინიკის რესპუბლიკის წარმომადგენელ რობერტ ფლორენტინოსთან იჭიდავებს.
100 კგ-ში ვარლამ ლიპარტელიანის მოწინააღმდეგე სერბი ბოიან დოსენი იქნება, ონისე სანებლიძე კი პოლონელ ოლეკსი ლისენკოს დაუპირისპირდება.
მძიმე წონაში საქართველოს ღირსებას გელა ზაალიშვილი (+100) დაიცავს, რომელიც მე-2 წრეში ჩილელ ფრანსისკო სოლისსა და გერმანელ ერიკ აბრამოვს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ქალთა შეჯიბრზე მარიამ ჭანტურია (78 კგ.) ვენესუელელ კარენ ლეონს დაუპირისპირდება, მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.) კი მეორე წრეში ისრაელის წარმომადგენელ რაზ ჰერშკოსთან იჭიდავებს.
წინასწარი შეხვედრები 13:00, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათიდან დაიწყება. შეგახსენებთ, ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ ბუდაპეშტის გრანდ სლემზე ქართველმა ძიუდოისტებმა სამი მედლის მოპოვება შეძლეს. 60კგ-ში ლუხუმ ჩხვიმიანი და 73-ში ლაშა შავდათუაშვილი ვერცხლისმედალოსნები გახდნენ, ხოლო ახალგაზრდა თემურ ნოზაძე (60კგ) კი მესამე ადგილზე გავიდა.