ბუბა კიკაბიძე - პოლონელებს უთქვამთ, ჩვენ მოგვეცით სააკაშვილი და მოვუვლით, მივხედავთო
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძემ მოინახულა. ბუბა კიკაბიძის თქმით, სააკაშვილი სუსტადაა, თუმცა არ არის გატეხილი.
„მიშა ძალიან მიყვარს და ვიცნობ პატარაობიდან. მომიყვა ყველაფერი თავიდან. ეგ ისედაც ვიცით ჩვენ, რაც ვნახეთ, საკმარისია. არ არის გატეხილი. მთავარი ეგ არის. ვილაპარაკეთ, ზელენსკი როგორ შემხვდა. ყველაფერი მოვუყევი, ის მისმენდა. ვუთხარი, შენი მოქალაქეა და უნდა წაიყვანო, თორემ მოკლავენ-თქო, ეს ვუთხარი ზელენსკის, მოკლედ რომ გითხრათ. დღესვე დავიწყებ რეკვასო და ჩამოვიდა იმის მერე უფლებადამცველი, მერე ჩამოვიდა ადვოკატი; იმასაც დიდი ხანია, ვიცნობ.
პოლონელებს უთქვამთ ახლა, ჩვენ მოგვეცით და მოვუვლით, ჩვენ მივხედავთო. ამას დიდი გამოხმაურება ექნება. აქ ისეთი სულელური რაღაცები ხდება, ეს სასამართლოში მიწვევა – ახლა ალბათ ბაიდენის კარადა რომ გავაღოთ, შეიძლება, 200 კოსტუმი ეკიდოს. სასაცილოა ეს ყველაფერი. ჩვენ დაბალ დონეზე ლაპარაკობს, აი, ეს, რაც წარუდგინეს მაგას, მე ასე მგონია, ასე აღვიქვამ“, – განუცხადა ბუბა კიკაბიძემ ჟურნალისტებს.