ბრწყინვალე შედეგით ელიტ რაუნდში - ქართველმა 19-წლამდელებმა ხორვატიაც დაამარცხეს
ბრწყინვალე შედეგით ელიტ რაუნდში - ქართველმა 19-წლამდელებმა ხორვატიაც დაამარცხეს
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ბოლო შეხვედრაც დამაჯერებლად მოიგო და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში პირველი ადგილი ასპროცენტიანი შედეგით დაიკავა.
 
უნგრეთის ქალაქ დიორში დასრულებულ 19-წლამდელთა შესარჩევი ციკლის პირველ შეხვედრაში რამაზ სვანაძის გაწვრთნილებმა მასპინძელ უნგრეთს ანგარიშით 4:2 სძლიეს, ყაზახეთს ანგარიშით 3:1 და ჯგუფში ხორვატიასთან ერთად 6-6 ქულით ლიდერობდნენ. ბოლო ტურში სწორედ ლიდერები შეხვდნენ – რეალურად, ორივე გუნდი ელიტ რაუნდში გასული იყო, მაგრამ ჩვენი გუნდისთვის პრინციპულიც გახლდათ პირველი ადგილის დაკავება ჯგუფში, სადაც მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის, ხორვატიის მომავალი თაობა თამაშობდა.
რამაზ სვანაძის გაწვრთნილებმა ეს მატჩიც მაღალ დონეზე ჩაატარეს და პირველივე ტაიმში ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ: საქართველოს ნაკრებმა ანგარიში მერვე წუთზე გახსნა. ანატოლი მესიაჩენკოს გადაცემით თავი გიორგი გულიაშვილმა გამოიჩინა, 15 წუთში კი საკუთარ საჯარიმოში ჩვენი კაპიტანი, ზუკა დავითაშვილი ზაგრების „დინამოს“ მცველმა, იოშკო გვარდიოლმა წააქცია. მთავარმა არბიტრმა პენალტი დანიშნა, რომელიც თავად დაზარალებულმა ზუსტად შეასრულა – 2:0.
ჯგუფის მეორე შეხვედრაში მასპინძელმა უნგრეთმა ყაზახეთი ანგარიშით 5:0 დაამარცხა და 3 ქულით მესამე ადგილზე გავიდა. საქართველომ 3 მატჩში ასპროცენტიანი შედეგი აჩვენა და 9 ქულით ელიტ რაუნდში გავიდა, ისევე, როგორც მეორეზე გასული ხორვატია.
U19 საქართველო 2:0 U19 ხორვატია
გოლები: 1:0 გულიაშვილი (8. მესიაჩენკოს გადაცემით), 2:0 დავითაშვილი (23. პ)
საქართველო U19: ლომიძე, კაპანაძე, გელაშვილი, კალანდაძე, ჯანგიძე, აზაროვი, მექვაბიშვილი, მესიაჩენკო, გულიაშვილი (83. გაგნიძე), იაკობიძე, დავითაშვილი
მთავარი მწვრთნელი: რამაზ სვანაძე