ბრუნო ფერნანდეში პრემიერლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
ბრუნო ფერნანდეში პრემიერლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ პორტუგალიელი ნახევარმცველი ბრუნო ფერნანდეში ინგლისის პრემიერლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

26 წლის ფეხბურთელმა ბოლო თვეში ოთხი გოლის გატანა მოახერხა და გუნდის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

ბრუნომ დუბლი შეასრულა „ევერტონის“ წინააღმდეგ, სადაც „იუნაიტედმა“ 3:1 გაიმარჯვა. მან ასევე გოლები გაიტანა „ვესტ ბრომვიჩთან“ და „საუთჰემპტონთან“ დაპირისპირებაში. ორივე შეხვედრაში მანჩესტერელებმა ერთი ბურთის სხვაობით გაიმარჯვეს, შესაბამისად 1:0 და 3:2.

სეზონის არცთუ კარგი სტარტის მიუხედავად, სულშერის გუნდმა პრემიერლიგაში ზედიზედ ოთხი გამარჯვება მოიპოვა და 19 ქულით კლუბი მე-6 ადგილზე იმყოფება.

მას შემდეგ, რაც ფერნანდეში „მანჩესტერში“ გადავიდა, ის უკვე მესამედ აღიარეს თვის საუკეთესო ფეხბურთელად. ამ სეზონზე მას ყველა ტურნირის ჩათვლით წითლების მაისურით 11 გოლი აქვს გატანილი.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში „ლაიპციგთან“ დამარცხდა და ევროპალიგაზე გადაინაცვლა.

სულშერის გუნდი შაბათს, 12 დეკემბერს, პრინციპულ შეხვედრას გამართავს „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ, რომელიც მე-7 ადგილზე იმყოფება და „იუნაიტედს“ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.