კიევის ოლქის ქალაქ ბროვარის ხელისუფლებამ ვერტმფრენის ავიაკატასტროფაში დაღუპულთათვის სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. ამის შესახებ ქალაქის მერმა, იგორ საპოჟკომ გამოაცხადა.
„ბროვარში დღეს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 19, 20 და 21 იანვარს ჩვენს თემში გლოვის დღეები გამოცხადდა“, – განაცხადა მან.
ბროვარის მერმა ავიაკატასტროფაში დაღუპულების ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.
„შავი დღე… სიტყვები საკმარისი არ არის, რომ გამოხატო დანაკარგის ტკივილი. გულწრფელი სამძიმარი დაღუპულთა ნათესავებსა და ახლობლებს“, – აღნიშნავს იგორ საპოჟკო.
დღეს დილით კიევის ოლქის ქალაქ ბროვარში შსს-ს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა იმყოფებოდა, მათ შორის მინისტრი დენის მონასტირსკი და მისი პირველი მოადგილე ევგენი ენინი. ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან ჩამოვარდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 14 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.