ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მეოთხე სხდომა გაიმართება
ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მეოთხე სხდომა გაიმართება

ბრიუსელში 26 ივნისს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მეოთხე სხდომა გაიმართება, რომელსაც, როტაციის პრინციპის თანახმად, ევროკავშირის მხრიდან, საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიისა და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელი ლუკ დევინი უხელმძღვანელებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაზე ქართულ დელეგაციას უხელმძღვანელებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი. საქართველოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობას ასევე მიიღებენ შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები, მათ შორის იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე.

შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ფართო დღის წესრიგში არსებულ აქტუალურ საკითხებს, მათ შორის ქვეყანაში საქართველოს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების პროცესში განხორციელებულ თუ მიმდინარე რეფორმებს; რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში, ასევე ზოგადად უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ასპექტებს; ქვეყანაში ეკონომიკისა და სექტორული განვითარების კუთხით განხორციელებულ ნაბიჯებს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული პრიორიტეტების მიხედვით.

ასოცირების კომიტეტი წარმოადგენს ასოცირების შეთანხმების საფუძველზე ჩამოყალიბებული საქართველო ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგის ინსტიტუციური ჩარჩოს ნაწილს და, როგორც წესი, იკრიბება მინისტრის მოადგილეების დონეზე, წელიწადში ერთხელ.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.